გიორგი კოხრეიძე - „საბურთალოს“ „შერიფთან“ მხარდაჭერა დასჭირდება
გიორგი კოხრეიძე - „საბურთალოს“ „შერიფთან“ მხარდაჭერა დასჭირდება

გიორგი კოხრეიძე გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ „საბურთალოსა“ და „შერიფის“ განმეორებით შეხვედრაზე სტადიონის ტრიბუნები გაავსონ და გუნდი გაამხნევონ.

ამის შესახებ ტირასპოლში გამართული ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის ერთ-ერთმა გმირმა საქართველოს პირველ არხთან ილაპარაკა.

„ასეთ ძლიერ მეტოქესთან მოგება სასიხარულოა, მაგრამ წინ განმეორებით შეხვედრაა და ყველაფერი მეორე შეხვედრაში გადაწყდება, რომელიც თბილისში გაიმართება. მინდა, გულშემატკივრებს მივმართო, მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ. შემდეგ ეტაპზე გასვლა „საბურთალოს” და ქართულ ფეხბურთს სჭირდება, ჩვენ კი – თქვენი მხარდაჭერა”, – ამბობს კოხრეიძე.

მან საქართველოს პირველ არხთან ტირასპოლში ჩატარებული შეხვედრების დეტალები გაიხსენა.

„ბოლო ერთი თვე „შერიფთან” დაპირისპირებისთვის ვემზადებოდით და მოგება დავიმსახურეთ. ჩემი აზრით, მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, მასთან არ გაგვჭირვებია, მარტივად ვითამაშეთ და ჩემი აზრით, სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენეთ”, – ამბობს კოხრეიძე, რომელმაც ტირასპოლის „შერიფთან” გოლი გაიტანა და ანგარიშზე საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

„საბურთალოსა“ და „შერიფის“ განმეორებით მატჩს მიხეილ მესხის სტადიონი 16 ივლისს, 21:30 საათზე უმასპინძლებს.