გიორგი კოხრეიძე „საბურთალოს“ დაუბრუნდა - მძიმე ტრავმის შემდეგ თავს ვიზღვევ
გიორგი კოხრეიძე „საბურთალოს“ დაუბრუნდა - მძიმე ტრავმის შემდეგ თავს ვიზღვევ

გიორგი კოხრეიძე „საბურთალოს“ თურქეთში შეუერთდა და ინდივიდუალურად ვარჯიშობს – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „საბურთალოს“ თავდამსხმელი 2020 წლის 18 ივლისს საქართველოს ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩში „ლოკომოტივთან“ შეხვედრის ბოლო წუთზე დაშავდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელს ჯვარედინი მყესები დაუზიანდა. ტრავმის გამო კოხრეიძისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა, ოპერაცია გაიკეთა და მოედანს მხოლოდ 7-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

„ესპანეთში რეაბილიტაციის კურსი დავასრულე, რომლის შედეგებიც საკმაოდ დადებითია. ახლა გუნდს თურქულ შეკრებაზე შევუერთდი და თამაშის დაწყებას ნელ-ნელა შევძლებ. ჩვენი ფიზმომზადების მწვრთნელი (მილოვან მატიასევიჩი) მამზადებს“, – ამბობს გიორგი კოხრეიძე.

22 წლის თავდამსხმელი მოედანზე ნაადრევად დაბრუნებას ერიდება:

„მოედანზე დაბრუნებას არ ვჩქარობ, რადგან ასეთი ტრავმის შემდეგ აჩქარება არაფერში წამადგება. ანუ ნაადრევი დატვირთვებით, შესაძლოა, ტრავმა გამეორდეს. ამიტომ თავს ვიზღვევ. თამაშს კი რამდენიმე დღეში შევძლებ“.

კოხრეიძემ თურქეთში „საბურთალოს“ მომზადებაზეც ილაპარაკა:

„თურქეთში ძალიან კარგი გარემოა იმისთვის, რომ გუნდმა სათანადო შეკრება გაიაროს, სეზონისთვის კარგად მოვემზადოთ და ჩემპიონატს სასურველ კონდიციებში შევხდეთ“.

დატოვე კომენტარი