გიორგი კოხრეიძე - ნაკრების მაგალითით დავიჯერეთ, რომ „იბერიასაც“ შეგვიძლია ჯგუფურ ეტაპზე გასვლა #1TVSPORT
გიორგი კოხრეიძემ „ისტამბულ ბაშაქშეჰირთან“ კონფერენს ლიგის მესამე ეტაპის პირველ მატჩამდე გუნდში არსებულ განწყობასა და მოლოდინებზე ისაუბრა:
„გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და ვეცდებით, რომ ქართველ გულშემატკივარს „იბერიის“ ძლიერი მხარეები ვაჩვენოთ.
ჩვენ ევროთასებზე შემორჩენილი ერთადერთი ქართული კლუბი ვართ და გულშემატკივარს ვთხოვ, სტადიონზე მოვიდნენ და გაგვამხნევონ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოს ნაკრების შედეგმა ევროპის ჩემპიონატზე დიდი მოტივაცია და მაგალითი მოგვცა. დავიჯერეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა“, – ამბობს გიორგი კოხრეიძე.
„იბერია“ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც ევროსეზონს შემორჩა. თბილისელები „ისტამბულ ბაშაქშეჰირს“ თბილისში 8 აგვისტოს, 20:00 საათზე უმასპინძლებენ, ხოლო 15 აგვისტოს სტამბულში ესტუმრებიან.
მატჩის დაწყებამდე ლაშა ბექაური გულშემატკივარს პარიზის საჩემპიონო მედალს წარუდგენს. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გულშემატკივრის წინაშე მიხეილ მესხის სტადიონზე 19:45 საათიდან წარსდგება.