გიორგი კოხრეიძე - მინდორზე უფრო ადრე დავბრუნდები, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ
„საბურთალოსა” და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდმა გიორგი კოხრეიძემ ოპერაცია გაიკეთა და სარეაბილიტაციო კურსს ესპანეთში გადის. მისი რეაბილიტაციის ეტაპი დამაიმედებლად მიმდინარეობს.
„მახარებს, რომ სარეაბილიტაციო პროცესი კარგად მიდის. ექიმები ძალიან მაიმედებენ – მითხრეს პროცესი სწრაფად მიმდინარეობს და მინდორზე იმაზე ადრე დაბრუნდები, ვიდრე ვვარაუდობდითო. ოპერაციიდან ექვს თვეში სრული დატვირთვით ვივარჯიშებ. ორი თვეა, რაც ოპერაცია გავიკეთე. თუ ასე გაგრძელდა გუნდთან ერთად ვარჯიშს თებერვალში შევუდგები. გაწერილი პროგრამა მაქვს და ფიტნეს დარბაზში კვირაში 4-5-ჯერ დავდივარ. მითხრეს, იქამდე უნდა ვივარჯიშო, სანამ ფეხი არ ამტკივდება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, 10 ნოემბერს თბილისში უნდა ვიყო. რამდენიმე კვირა საქართველოში გავივლი რეაბილიტაციის კურსს. იანვარში კი ისევ დავბრუნდები ესპანეთში. ბოლო ერთი თვე აქ უნდა გავიარო პროცედურები“, – ამბობს გიორგი კოხრეიძე.
მან პანდემიის პირობებში ესპანეთში არსებულ სავარჯიშო გარემოზე ილაპარაკა:
„ესპანეთში ჩვეულებრივი ცხოვრება მიდის, ყველა მუშაობს, თავის საქმეს აკეთებს. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე შესვლა გამორიცხულია. ქუჩაშიც კი პირბადეებით დადიან. ესპანეთში ერთ ადგილზე 6 კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია. ნელ-ნელა ესპანურსაც ვსწავლობ. ელემენტალური სიტყვები უკვე ავითვისე, რაც ყოველდღიურად მჭირდება. ჯერ კიდევ დიდი დრო მაქვს და ვფიქრობ, ესპანურს უფრო დავეუფლები“.
კოხრეიძის თქმით, მას „საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელი დაუკავშირდა:
„ლევან კორღალიძემ მომიკითხა, გამამხნევა, ჯანმრთელობა და მინდორზე მალე დაბრუნება მისურვა. მომავალ გეგმებზეც ვისაუბრეთ. „საბურთალო” მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი კლუბია და ბუნებრივია, ერთმანეთის გვერდში დგომით, შრომით შეგვიძლია მიზნების მიღწევა. გუნდი თასის ნახევარფინალში გავიდა, ჩემპიონატში კი საპრიზო ადგილისთვის იბრძვის. „საბურთალოს”თამაშებს ტელევიზიით ვუყურებ, რაც ძალიან რთული ყოფილა – მინდა მინდორზე ვიყო. მიხარია, რომ თასზე წარმატებით ვთამაშობთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, ამ ტიტულს ზედიზედ მეორედ თუ მოვიგებთ. იმედია, იმ დროისთვის თბილისში ვიქნები და გუნდს ტრიბუნიდან მაინც ვუქომაგებ, რა თქმა უნდა, თუ კოვიდ-19 ამის საშუალებას მოგვცემს. რაც შეეხება ჩემპიონატს – თითოეულ მოპოვებულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ცხრილში სიმჭიდროვეა. მაღალი ადგილების დაკავებას უნდა ვეცადოთ“.