გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა [ვიდეო]

შვედეთის ჩემპიონატში გიორგი ხარაიშვილმა ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. მისი გუნდი, „გიოტებერგი“ „ჰელსინგბორგს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

23 წლის ქართველი ლეგიონერი „გიოტებორგის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და საგოლე მომენტების უმეტესობა მისი მონაწილეობით შეიქმნა. გიორგის თავის გამოჩენა პირველ ტაიმშიც შეეძლო: ორ მცველს შორის ეფექტურად გაძვრა, მაგრამ დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა მეკარეს ვერ აჯობა. მეორე ტაიმში მის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ „ჰელსინგბორგი“ ისევ მეკარემ გადაარჩინა, მაგრამ 71-ე წუთზე მასპინძლებს მანაც ვერ უშველა: ხარაიშვილმა საჯარიმოს კუთხეში მცველი ცრუ მოძრაობით ეფექტურად ჩამოიშორა და კარის წინ ბურთი რობინ სოდერს ფაქტობრივად ფეხზე დაასვა – 1:1. მატჩის ბოლოს „გიოტებორგმა“ მეორეც გაიტანა და 2:1 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 19 შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც შვედურ ლიგაში საუკეთესო შედეგია. 23 წლის ქართველი შემტევის სატრანსფერო ფასი ბოლო ნახევარ წელიწადში საგრძნობლად გაიზარდა და 1,1 მილიონი ევრო გახდა.