გიორგი ხარაიშვილი შვედეთში ერთი თვის წინ გადავიდა. ახლა ”საბურთალოს” ყოფილი კაპიტანი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი “გიოტებორგის” მაისურით ეცდება გოლების გატანასა და წარმატების მიღწევას. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან და ქვეყანასთან შეგუების რთულ პროცესზე ილაპარაკა.
”თავიდან შვედეთში გამიჭირდა. ამიტომ ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ოჯახთან, ახლობლებთან. იქ კლიმატი იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. თერმომეტრი -3 გრადუსს თუ აჩვენებს, მიხარია, რადგან -12, -13 ხშირადაა. ასეთ ამინდებში ვარჯიშს და თამაშს მიუჩვეველი ვარ. ამინდის გამო პრობლემები მქონდა, მაგრამ ნელ-ნელა დათბა და გარემოს ვეჩვევი. ამინდისგან განსხვავებით, შვედები ძალიან თბილი ხალხია და ნოსტალგიის მიუხედავად, კლუბი და „გიოტებორგის“ პერსონალი გვერდში მიდგანან და ადაპტაციას მიადვილებენ” – ამბობს ხარაიშვილი.