გიორგი ხარაიშვილი - იჯარა მიმთავრდება და არ ვიცი, „გიოტებორგში“ დავრჩები თუ არა
გიორგი ხარაიშვილი - იჯარა მიმთავრდება და არ ვიცი, „გიოტებორგში“ დავრჩები თუ არა

გიორგი ხარაიშვილმა ჯერ არ იცის, ახალ სეზონს „გიოტებორგში“ ჩაატარებს თუ სხვა გუნდში – ამის შესახებ ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირველ არხთან განაცხადა.

22 წლის ნახევარმცველი შვედეთში პირველ სეზონს ატარებს და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, „გიოტებორგის“ ლიდერად ჩამოყალიბდა. მან სეზონის 26 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, რომელთა უმრავლესობაც გადამწყვეტი იყო.

„შვედურმა გამოცემამ აგვისტოში დაწერა, თითქოს, „გიოტებორგთან“ ახალი კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ ასე არაა. დღემდე „საბურთალოს” ფეხბურთელი ვარ და „გიოტებორგში” იჯარით ვთამაშობ. იჯარა ნოემბერში მიმთავრდება და ჩემს ტრანსფერზე მოლაპარაკება ამის შემდეგ დაიწყება. კლუბმა უნდა გადაწყვიტოს, გამოისყიდის თუ არა ჩემს ტრანსფერს. არ ვიცი, დაწყებულია თუ არა ამის თაობაზე „საბურთალოსთან” მოლაპარაკება. ამის შესახებ კლუბში ჩემთვის არაფერი უთქვამთ”.

შეგახსენებეთ, რომ შვედური კლუბის 22 წლის ქართველი ლეგიონერი ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა და ანდორასთან (15 ნოემბერს) და ყაზახეთთან (19 ნოემბერს) ერთა ლიგის ბოლო ორი მატჩისთვის მოემზადება.