გიორგი ჯიქია - იმედია, რუსეთში ზედმეტი არ ვიქნები
გიორგი ჯიქია - იმედია, რუსეთში ზედმეტი არ ვიქნები

გიორგი ჯიქია საკუთარ არჩევანზე საუბრობს და ჯანო ანანიძესთან ერთად შექმნილ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფზე ლაპარაკობს – „იუთუბ“-არხ კომანდოსთან რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის სპარტაკის მცველმა ბევრი მნიშვნელოვანი თუ სახალისო ამბავი გაიხსენა.

ჯიქიას თქმით, ყოფილ თანაგუნდელებთან – ჯანო ანანიძესთან და ალექსანდრე სამედოვთან ერთად, „ვოტსაპში“ (WhatsApp) ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა.

„ბოლო ორ წელიწადში ჯანო ჩემი უახლოესი მეგობარი გახდა. ძალიან მეწყინა, სპარტაკი რომ დატოვა. მაგრამ ზაფხულში მის დაბრუნებას ველოდები. შეკრებიდან 10 დღე გავიდა და ჯანო უკვე დამაკლდა. არა მხოლოდ ის, სამედოვიც – ჩვენ ტრიო გვქონდა. „ვოტსაპში“ გვაქვს ჯგუფი, რომელსაც სამედოვის რესტორანის პატივსაცემად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი „სირენა“ დავარქვით. ეს უბრალო ხუმრობაა, რომელიც გასახდელში მოვიფიქრეთ“, – ამბობს ჯიქია.

ჯიქიას მშობლები ოკუპირებული აფხაზეთიდან, სოხუმიდან არიან და რუსეთში ომის დაწყების შემდეგ დასახლდნენ. გიორგი 1993 წელს მოსკოვში დაიბადა. მან საკუთარი არჩევანი 2017 წელს გააკეთა. წარმოშობით ქართველ მცველს ერთდროულად საქართველოს და რუსეთის ნაკრებებში იწვევდნენ და მან ეს უკანასკნელი ამჯობინა: „იყო ბევრი ზარი, ლაპარაკი. საქართველოში თავადაც გავემგზავრე, მაგრამ ჩემი არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გავაკეთე. აქ დავიბადე, გავიზარდე, ყველაფერი გავიარე და წარმატებებს მივაღწიე. ჩემი მიღწევები აქ დააფასეს და ეს სასიამოვნოა. იმედია, აქ დროთა განმავლობაში ზედმეტი არ გავხდები“.