გიორგი ჯინჯოლავა - „პარტიზანის“ ფეხბურთელები უხეშობდნენ და პროვოკაციებსაც არ ერიდებოდნენ #1TVSPORT
გიორგი ჯინჯოლავამ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირანას „პარტიზანთან“ მოგებულ (2:0) მატჩზე კომენტარი გააკეთა – „იბერიის“ მცველი იმედოვნებს, რომ თბილისური კლუბი უპირატესობას შეინარჩუნებს.
„მიუხედავად იმისა, რომ 2:0 მოვიგეთ, ტირანაში მაინც რთული შეხვედრა იქნება. ფეხბურთია და ყველაფრისთვის მზად ვართ. გვყავს გამოცდილი მწვრთნელები, რომლებიც კარგად მუშაობენ. შევეცდებით საპასუხო მატჩში შედეგზე ვითამაშოთ.
დღევანდელი თამაში რთული იყო იმის გამოც, რომ „პარტიზანის“ ფეხბურთელები ძალიან უხეშობდნენ და მთელი მატჩის განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფასა და პროვოკაციებს არ ერიდებოდნენ“, – განაცხადა გიორგი ჯინჯოლავამ.
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს „იბერია“ „პარტიზანთან“ პირველ აგვისტოს ტირანაში გამართავს. თუმცა მანამდე, 28 ივლისს გუნდი საქართველოს თასზე „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება.