31 წლის თავდამსხმელი გიორგი ილურიძე კარიერას „თელავში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ინტერნეტპორტალი „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.
ილურიძე ახალი სეზონისთვის საფეხბურთო კლუბ „თელავთან“ ერთად ემზადებოდა და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან, „დინამო თბილისთან“ (2:2) ჩატარებულ ტესტმატჩში გოლიც გაიტანა.
გიორგი ილურიძე ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე იყო, რომელსაც კარიერის აწყობაში ხელი გამუდმებულმა ტრავმებმა შეუშალა. „დინამო თბილისის“ აღზრდილმა, 18 წლის ასაკში, 2010 წელს რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე „ანჟისთან“ გააფორმა კონტრაქტი, მაგრამ ტრავმების გამო გუნდი დატოვა და 2012 წლის დასაწყისში გორის „დილაში“ გადავიდა, სადაც წელიწად-ნახევარი ითამაშა. 2013 წლის აგვისტოში ევროპალიგის შესარჩევ ეტაპზე ილურიძის სოლო რეიდის შემდეგ გატანილი გოლით გორის „დილამ“ სპლიტის „ჰაიდუკი“ დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა.
ილურიძემ ამის შემდეგ სწორედ ხორვატულ კლუბში გადაინაცვლა. „ჰაიდუკში“ დებიუტი იმავე წლის 14 სექტემბერს ზაგრების „დინამოსთან“ ჰქონდა, რომელიც „ჰაიდუკის“ გამარჯვებით დასრულდა – 2:0.
2014 წელს მან კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მას შემდეგ რამდენიმე გუნდში მოსინჯა ძალები, ბოლოს „სამტრედიაში“ თამაშობდა, საიდანაც დეკემბერში წავიდა.
ილურიძე საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, 2013 წლის აგვისტოში თემურ ქეცბაიამ საფრანგეთთან და ფინეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახა, მაგრამ ტრავმების გამო გუნდს ვერ შეუერთდა.