გიორგი გველესიანი „პერსეპოლისის“ ისტორიაში საუკეთესო უცხოელი ბომბარდირი გახდა #1TVSPORT
ირანის პრემიერლიგის ბოლო ტურში „პერსეპოლისმა“ „მეს რაფსანჯანი“ საქართველოს ნაკრების მცველის, გიორგი გველესიანის გატანილი ბურთით დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა, გველესიანი კი „პერსეპოლისის“ ისტორიაში ყველაზე შედეგიანი უცხოელი ფეხბურთელი გახდა – ამის შესახებ წერილს გამოცემა irna აქვეყნებს.
„გიორგი გველესიანმა „პერსეპოლისისა“ და „მეს რაფსანჯანის“ მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს მისთვის ირანის ჩემპიონატში გატანილი მე-16 გოლი აღმოჩნდა და გუნდის ისტორიაში საუკეთესო უცხოელი ბომბარდირი გახდა.
ქართველი მცველი 1950-იანი წლების „პერსეპოლისის“ მოთამაშეს, ალან უიტლის დაეწია. ირანის პრემიერლიგის დაარსების შემდეგ კი კლუბის საუკეთესო უცხოელი ბომბარდირი გახდა“, – წერს ირანული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ დასრულებულ სეზონში გიორგი გველესიანმა 25 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, რაც ცენტრალური მცველისთვის გამორჩეული შედეგია. გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ამ მაჩვენებლით „პერსეპოლისში“ მხოლოდ თავდამსხმელს, ისა ალიკაშირს ჩამორჩა, თანაც მხოლოდ ერთი გოლით.
ახლა გიორგი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ავსტრიაში ემზადება.