გიორგი გველესიანი - გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოგვიყალიბდა, ამ წარმატების შედეგებს უახლოეს წლებში მოვიმკით #1TVSPORT
გიორგი გველესიანი - გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოგვიყალიბდა, ამ წარმატების შედეგებს უახლოეს წლებში მოვიმკით #1TVSPORT

გიორგი გველესიანმა „მოამბესთან“ ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ მთავარ ფაქტორს, რასაც ეს წარმატება გამოიწვევს – გამარჯვებულის მენტალიტეტის დამკვიდრებას.

„ეს ჩვენთვის დაუვიწყარი დღეებია – ზღაპრის ბოლო ნამდვილად კეთილი ყოფილა. გულშემატკივრებისგან მსგავს დახვედრას არ ველოდით. ფეხბურთელები ძალიან გახარებულები ვართ.

ვფიქრობ, დებიუტანტის კვალობაზე წარმატებულად გამოვედით, ხალხში გამარჯვებულის მენტალიტეტი დავაბრუნეთ და მსოფლიოს თავი დავამახსოვრეთ, როგორც ფეხბურთელებმა, ასევე ქომაგებმა, რომლებიც გერმანიის სტადიონებზე გამორჩეულები იყვნენ.

კარიერის მანძილზე სხვადასხვა თაობასთან მომიხდა თამაში, მაგრამ ახლანდელის მსგავსი პროფესიონალები არ შემხვედრია. ფეხბურთელებიც და სამწვრთნელო სტაფის წევრები უაღრესად მოტივირებულები არიან. ჩემპიონატზე კარგი განწყობით მივდიოდით, მაგრამ ჯგუფიდან გასვლას და ასეთ თამაშებს ბევრი არ ელოდა.

ესპანეთთან თითქოს თავს ზემოთ ძალა არ იყო, რადგან ძალიან კარგად დაბალანსებული გუნდია. მაგრამ ანგარიში რომ გავხსენით, თითქოს ვირწმუნეთ, რომ მათთან მოგებაც შეგვეძლო. ჩვენში ეს რწმენა და მენტალიტეტი გაჯდა, რაც უდიდესი მოვლენაა.

ამის შედეგებს უახლოეს წლებში მოვიმკით. ახალი თაობები დაუბრუნდნენ ეზოებს და ფეხბურთს თამაშობენ, ისევე როგორც ეს ჩემს ბავშვობაში ხდებოდა, ამ ფაქტით ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ, რადგან ჩვენი ერი, მცირერიცხოვნების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ტალანტებით სავსეა და ამ შედეგებს ჩვენ აუცილებლად დავინახავთ“.