გიორგი გველესიანი - დარწმუნებული ვარ, ბათუმის სტადიონზე კარგი ატმოსფერო დაგვხვდება #1TVSPORT
გიორგი გველესიანმა კომენტარი გააკეთა ერთა ლიგაზე უკრაინასა და ჩეხეთთან საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩებისა და საწვრთნელი შეკრების შესახებ – ირანის ჩემპიონის, „პერსეპოლისის“ ქართველი მცველი იმედოვნებს, რომ „ჯვაროსნები“ გულშემატკივრებს გაახარებენ.
„შეკრება, როგორც ყოველთვის, დადებითი ენერგიით მიმდინარეობს. სრულფასოვნად ვემზადებით და ოქტომბერში განცდილი დასანანი წაგებების შემდეგ ვითარება აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.
არასდროს მითამაშია ბათუმის ახალ სტადიონზე. რა თქმა უნდა, იქაც განსაკუთრებული გულშემატკივარი გვყავს და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ატმოსფერო დაგვხვდება. ჩვენც მაქსიმუმს გავაკეთებთ და იმედი მაქვს, სამ ქულას მოვიპოვებთ“, – ამბობს გიორგი გველესიანი.
წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს კი ჩვენი გუნდი ჩეხეთს ქალაქ ოლომოუცში დაუპირისპირდება.