გიორგი გულიაშვილი - შედეგებზე გავლენა გადაღლილობამ იქონია, ისრაელთან ენერგია აღარ შემოგვრჩა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავადმსხმელმა, გიორგი გულიაშვილმა ევრო 2023-ზე ჩვენი ნაკრებს გამოსვლაზე ისაუბრა.
„ისტორიული გამოსვლა გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისრაელთან დავმარცხდით. რა დაგვაკლდა? არ ვიცი, შესაძლოა, ჩვენი დღე არ იყო. ჯგუფში მეორე ნომრად ვთამაშობდით. ისრაელთან კი ბურთს უფრო ჩვენ ვფლობდით, მეტოქე კი კონტრშეტევებზე თამაშობდა და სხვა თამაში წავიდა.
ბელგიასთან გოლით უზომო ემოციები მივიღე. ჩვენი ერთსულოვნების და თავდადების თანხვედრა გულშემატკივრობასთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ალბათ, საბოლოოდ, შედეგებზე გავლენა გადაღლილობამ იქონია, რადგან მჭიდრო გრაფიკით ვითამაშეთ და ისრაელთან მატჩში ენერგია აღარ შემოგვრჩა, რომ თამაში გაგვემწვავებინა.
ევრო 2023-მა დიდი გამოცდილება შეგვძინა, რადგან ასეთი დონის ტურნირებზე ხშირად არ ვთამაშობთ. ყველა თამაში და წუთი ისეთ გამოცდილებას გვმატებდა, რაც ჩვენს ასაკში კარიერის აწყობაში დაგვეხმარება“, – ამბობს გიორგი გულიაშვილი.