გიორგი გოჩოლეიშვილმა დონეცკის „შახტარში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილმა თავის ახალ კლუბში, დონეცკის „შახტარში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა, უკრაინელები თურქულ შეკრებაზე ვენის „აუსტრიას“ დაუპირისპირდნენ და 1:2 დამარცხდნენ.
დონეცკელთა მთავარმა მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა ორი შემადგენლობა გამოსცადა, „საბურთალოს“ ყოფილმა მოთამაშემ პირველი 45 წუთი ითამაშა და შესვენების შემდეგ შეცვალეს. ქართველი ახალწვეულის გარდა, დონეცკელთა კარს ალექსეი შევჩენკო იცავდა, რომელიც 2015 წელს ჯერ ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა, შემდეგ კი გორის „დილაში“ გამოდიოდა.
მოსამზადებელ შეკრებაზე ეს „შახტარის“ პირველი მატჩი იყო, ისევე როგორც პირველი თამაში იყო მიხაილო მუდრიკის გარეშე, რომელიც 100 მილიონ ევროდ ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდა.
ავსტრიელებთან შეხვედრაში ანგარიში ჯეიმს ჰოლანდმა 24-ე წუთზე გახსნა, 72-ე წუთზე ფლორიან კოპმა ავსტრიელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე არტიომ ბონდარენკომ პენალტით სხვაობა შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.