გიორგი გოჩოლეიშვილი - „შახტარში“ გადასვლაზე ბევრი არ მიფიქრია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ მცველმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა უკრაინის ჩემპიონატის მესამე ტურში „ოლექსანდრიას“ წინააღმდეგ (2:1 მოიგეს) ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. 22 წლის ქართველის საგოლე პასით მე-8 წუთზე დანიილ სიკანმა გაიტანა, ხოლო 31-ეზე – ლასინა ტრაორემ.
ქართველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. ეს მისთვის პირველი ასისტები იყო “შახტარის“ რიგებში. გოჩოლეიშვილს 16 ჩატარებულ შეხვდერაში ასევე გატანილი აქვს ერთი გოლი.
ქართველ მცველს Shakhter Online-მა ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მან გულშემატკივრის კითხვებს უპასუხა.
„როცა „შახტარისგან“ შეთავაზება მომივიდა, აქ გადმოსვლა მაშინვე გადავწყვიტე, რადგან ეს დიდი კლუბია. გუნდის თამაშებს ადრეც ვუყურებდი, აქ უამრავი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო. მივხვდი, რომ ეს გუნდი მომწონს და ჩემს გულშია.
ადაპტაციის პრობლემა არ შემქმნია, ყველამ მეგობრულად მიმიღო და თავს კომფორტულად ვგრძნობდი. ამისთვის ფეხბურთელებისა და კლუბის პერსონალის მადლიერი ვარ. „შახტარში“ გატანილ სადებიუტო გოლს ვერასოდეს დავივიწყებ, დიდი ემოცია და სიხარული იყო.
ევრო 2023-ზე ჩემსა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამოსვლას დადებითად შევაფასებ. ჩვენ ძალიან ძლიერი ჯგუფიდან გავედით და მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში წავაგეთ. კარგ ასპარეზობაში, რა თქმა უნდა, დაგვეხმარა ისიც, რომ სახლში ვთამაშობდით. გულშემატკივრების მხარდაჭერა გვმუხტავდა.
რითი განსხვავდება საქართველოსა და უკრაინის ჩემპიონატები? აქ უფრო მაღალი ტემპია და თამაშებიც უფრო ინტენსიური დატვირთვების ფონზე მიმდინარეობს. თამაში მარტივი არც საქართველოშია, რადგან იქ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს“, – ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი.