გიორგი გოჩოლეიშვილი - როდესაც გავიგე, რომ ძირითად შემადგენლობაში უნდა მეთამაშა, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი #1TVSPORT
„საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილმა გიორგი გოჩოლეიშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი, მაროკოს წინააღმდეგ, ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
21 წლის ფეხბურთელმა სანაკრებო შეხვედრა გაიხსენა და იმ გარემოზე ისაუბრა, რომელიც „ჯვაროსნებში“ დახვდა:
– ყველა დადებითად და თბილად შემხვდა, რამაც ადაპტაცია გამიადვილა. რამდენიმე მოთამაშეს ახალგაზრდული ნაკრებიდან ვიცნობდი, გამოცდილი ფეხბურთელების უმეტესობა კი ახლა გავიცანი. გუნდში მეგობრული და კარგი გარემო დამხვდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა ყველას, ვინც გვერდში დამიდგა.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა რა გითხრათ?
– მომილოცა ნაკრებში გამოძახება და წარმატებები მისურვა. ამის შემდეგ, როდესაც თეორიაზე ვიყავით, მითხრა, რომ თუ მომეცემოდა თამაშის საშუალება, მაქსიმალურად თავისუფლად ვყოფილიყავი. მისი სიტყვების შემდეგ უფრო თავდაჯერებული გავხდი.
ელოდით, რომ სადებიუტო შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშებდით?
– ძირითადში თამაშს არ ველოდი. თამაშის წინა დღეს, სანიოლმა ვარჯიშზე მკითხა, როგორ ვგრძნობდი თავს. მეორე დღეს კი, როდესაც გავიგე, რომ ძირითად შემადგენლობაში უნდა მეთამაშა, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. ეს ჩემთვის მოულოდნელი და ერთგვარი სიურპრიზი იყო. მატჩის წინ ვღელავდი, მაგრამ შემდეგ გადამიარა.
მაღალი ტემპი და განსხვავებული სისწრაფეები იყო, ბევრად გამოცდილი ფეხბურთელების წინააღმდეგ მოგიწიათ თამაშმა. ხომ არ გაგიჭირდათ?
– ჩემს კარიერაში ეს დიდი გამოწვევა იყო. ამ მატჩმა დიდი გამოცდილება შემმატა. რა თქმა უნდა, სხვა დონის თამაში იყო, გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ფეხბურთელების წინააღმდეგ.
ნაკრებში განსაკუთრებით თვალშისაცემი რა იყო?
– ფეხბურთელები, მწვრთნელები თუ ნაკრების სხვა წევრები გვერდში დამიდგნენ. ამან კიდევ უფრო გამიმარტივა თამაში. გუნდი აშკარად ერთ მუშტად არის შეკრული და ერთი დიდი ოჯახია.
რას იტყვი ნაკრების კაპიტან გურამ კაშიაზე?
– გუნდის ლიდერია და ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს. მესაუბრა, გამოცდილება გამიზიარა, დამამშვიდა და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.