გიორგი გოჩოლეიშვილი, დიდი ალბათობით, კარიერას „შახტარში“ გააგრძელებს [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი გოჩოლეიშვილს დონეცკის „შახტარი“ იწვევს. დიდი ალბათობით, „საბურთალოს“ მოთამაშე კარიერას უკრაინულ გრანდში გააგრძელებს – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „საბურთალოს“ მოთამაშეზე გავრცელებული ინფორომაცია საქართველოს პირველ არხს დაუდასტურეს.

ოქტომბერში ესპანური მედია ამტკიცებდა, რომ 21 წლის მცველით ესპანური ლა ლიგის „ვალენსია“ დაინტერესდა. ასევე იყო ინტერესი ფრანკფურტის „აინტრახტიდანაც“, მაგრამ საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, „ვალენსიაში“ გოჩოლეიშვილს თავდაპირველად ექვსთვიანი საცდელი პერიოდი უნდა გაევლო.

ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო კონკრეტული ინტერესი უკრაინულმა გრანდმა გამოიჩინა და „საბურთალოს“ რეალური წინადადებითაც მიმართა – საუბარი იყო კონკრეტული თანხის შესახებაც.

„შახტარი“ ჩემპიონთა ლიგის სტაბილური მონაწილეა და რადგან უკრაინელების შეთავაზება რეალური და კონკრეტული იყო, თბილისელებისთვის ეს ვარიანტი ყველაზე მისაღები აღმოჩნდა. თუმცა, ჯერჯერობით, „კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმებამდე, „საბურთალო“ კომენტარს არ აკეთებს.

17 ნოემბერს მაროკოსთან დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრისთვის ვილი სანიოლმა გიორგი გოჩოლეიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად მიიწვია. სავარაუდოდ, „შახტართან“ კონტრაქტი ამ შეხვედრის შემდეგ გაფორმდება.

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გიორგი გოჩოლეიშვილი მიმდინარე სეზონში მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, ხოლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2021 წლის GFFAwards-ის დაჯილდოებაზე „საბურთალოს“ მცველის მიერ ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების კარში გატანილი გოლი საუკეთესოდ აღიარა.