გიორგი ღავთაძე - თსუ-სთან შემდეგ თამაშზე უფრო მეტი მოტივაციით გავალთ, საქართველოს ჩემპიონები რომ გავხდეთ #1TVSPORT
ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის მესამე შეხვედრის შემდეგ მეტოქე გუნდების წარმომადგენლებმა კომენტარები გააკეთეს და მატჩი შეაფასეს.
დავით ბობოხიძე, თსუ-ს მოთამაშე-მწვრთნელი:
„მესამე შეხვედრას ორივე გუნდი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით. ამან გამოიწვია ზედმეტად ჩაკეტილი თამაში – არც ერთმა გუნდმა არ გავრისკეთ. რა თქმა უნდა, იყო საგოლე მომენტები, მაგრამ არც ჩვენ და არც მოწინააღმდეგეს არ გაუმართლა. ორივე გუნდმა კარგად ვიბრძოლეთ და კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. შემდეგ ექვსმეტრიან სერიამდე მივედით, რაშიც დღეს მეტოქეს გაუმართლა. მივულოცავ წარმატებას კსუ-ს, რომელიც სერიაში დაწინაურდა. თუმცა, ჩვენსას ვეცდებით – ანგარიში ერთხელ გავათანაბრეთ და შევეცდებით, ეს მეორედაც მოვახერხოთ. ამ შეხვედრას გავაანალიზებთ და მოვიფიქრებთ, შემდეგ შეხვედრას რა ტაქტიკით ჩავატარებთ“.
გიორგი ღავთაძე, კსუ-ს მოთამაშე:
„ჩვენი მოწინააღმდეგე ძალიან კარგი გუნდია, რამდენი წელია არსებობს და მარტივად ვერ მოვუგებთ, მაგრამ საჭიროა ბრძოლა და ყველა ნიუანსზე ყუარდღების მიქცევა – ესაა ერთადერთი შანსი, რომ მოუგო. ჩემს გუნდელებს კი მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ვიბრძოლეთ და პენალტების სერიაში მოვიგეთ. დიახ, ჩემპიონობას ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით, მაგრამ ყველას გააზრებული გვაქვს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. თსუ ისეთი გუნდია, შეცდომას არ გაპატიებს. ასე რომ შემდეგ თამაშზე უფრო მეტი მოტივაციით გავალთ, რომ მოვიგოთ და საქართველოს ჩემპიონები გავხდეთ“.
ფუტსალის ლიგაში საჩემპიონო ფინალური სერიის მესამე მატჩში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (კსუ) მოქმედი ჩემპიონი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) პენალტების სერიაში 3:1 დაამარცხა და ფინალურ სერიაში ისევ დაწინაურდა – 2:1.
ფინალურ სერიაში ბრძოლა სამ მოგებამდე გრძელდება. კსუ-ს და თსუ-ს მორიგი დაპირისპირება პარასკევს, 25 ივნისს გაიმართება. მატჩი ახალ ოლიმპიურ სასახლეში 15:30-ზე დაიწყება.