გიორგი გახარია - გზებზე დაკარგული მოსახლეობის რაოდენობით საქართველო არის ლიდერი, როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში
გიორგი გახარია - გზებზე დაკარგული მოსახლეობის რაოდენობით საქართველო არის ლიდერი, როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი და 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა წარუდგინა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალ მაჩვენებელსა და მის შედეგად გამოწვეული ზიანის მასშტაბებზე ისაუბრა. ასევე, შს მინისტრმა, ყურადღება გაამახვილა საზოგადოების მხრიდან პრობლემის გაცნობიერების მნიშვნელობასა და მდგომარეობის გამოსწორებაში თითოეული მოქალაქის ჩართულობის აუცილებლობაზე.

„დღევანდელი შეკრების მიზეზი გახლავთ ის, რომ საზოგადოებას გავაცნოთ, რა მიდგომა უნდა გვქონდეს ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ყველა კვლევით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევით, გზებზე დაკარგული მოსახლეობის რაოდენობით საქართველო არის ლიდერი, როგორც რეგიონში, ასევე ევროპაშიც. შესაბამისად, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ასეთი დიდი მსხვერპლის მიზეზი. ჩვენ არ ვსაუბრობთ რომელიმე უწყების კარგ ან ცუდ მუშაობაზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ მიზეზებზე: ეს გახლავთ სიჩქარის გადამეტება, საპირისპირო მოძრაობაზე გამოსვლა, საგზაო ნიშნის მონაცემების არ დამორჩილება, სიმთვრალე. ეს არის საზოგადოების საერთო პრობლემა და ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თითოეული საზოგადოების წევრის პირდაპირი ვალდებულებაა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და რეალურად შევაფასოთ ის გამოწვევა, რომელიც არის ჩვენს გზებზე“, – განაცხადა შს მინისტრმა.

მისი თქმით, ვერც ერთი უწყება, ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო, გზების დეპარტამენტი და მერია მარტო ამ პრობლემას ვერავინ მოაგვარებს, რადგან ეს გახლავთ მთლიანად საზოგადოების გამოწვევა.

„ამ პრობლემის მოგვარებას ცალკე აღებული ვერ უშველის ვერც ტექდათვალიერების გამართული ფუნქციონირება. მე შემიძლია ბევრი რამ ჩამოვთვალო, რა გააკეთა მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტრომ. 2017 წელს, ჩვენს გზებზე იყო მხოლოდ და მხოლოდ 170 კამერა, დღეს არის 2600, წლის ბოლომდე იქნება 5000. კონტროლის მექანიზმები იქნება კიდევ უფრო ეფექტიანი, სიჩქარის გადაჭარბების სექციური კამერები წლის ბოლომდე დაფარავს საქართველოს გზების 700 კილომეტრს, ჩამოყალიბდა ავტოსაგზაო შემთხვევების სიღრმისეული შესწავლის სისტემა, შავი წერტილების გამოვლენის და მათი გამოსწორების და კიდევ ბევრი რამ.

თუმცა, ყველას კარგად გვესმის, რომ ვერც ერთი ჩვენგანი, პასუხისმგებლიან დაპირებას საზოგადოებას ვერ მისცემს, იმიტომ, რომ ეს არის კომპლექსური პრობლემა. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი იმ კამპანიისთვის, რომელსაც „მეტი სიცოცხლისთვის“ დავარქვით, იყო ჩვენ თვითონ და საზოგადოების თითოეული წევრი გამოგვეყვანა კომფორტის ზონიდან. ნაწილობრივ, ეს შევძელით და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა კრიტიკოსს, მათ შორის ძალზედ მკაცრი კრიტიკისთვის, მათ შორის ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს და კიდევ ბევრ ადამიანს, რომლებმაც მართლა კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარა, თუმცა, მინდა გითხრათ, კოლეგებო, რომ ეს არ ყოფილა ჩვენი მარტივი არჩევანი. ყოველთვის ვიაზრებდით და დღესაც ვიაზრებთ, რომ თუ არ შევხედეთ ობიექტურ რეალობას და არ გავუსწორეთ თვალი, ამ პრობლემის მოგვარების არანაირი შანსი არ გვექნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ თბილისსა და რეგიონებში დაზიანებული ავტომობილების ინსტალაციები შსს-ს კამპანიაა.