გიორგი გახარია - სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი, სულ რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზი მდებარეობს
გიორგი გახარია - სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი, სულ რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზი მდებარეობს

სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი, სულ რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზი მდებარეობს, – ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რატომ იმყოფება ბოლო დროს ხშირად სამეგრელოს რეგიონში.

„სამწუხაროდ, სამეგრელოში უფრო ხშირად უნდა ვიყო და ამის საშუალება უნდა მქონდეს. უფრო მეტსაც გეტვით, სამეგრელოში მთავრობის სხვა წევრებიც უფრო ხშირად უნდა იყვნენ. ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს, სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი და პირველ რიგში მის მნიშვნელობას საოკუპაციო ხაზი განაპირობებს, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, არჩევნებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ამ არჩევნების უსაფრთხოებაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ის, რომ ეს არჩევნები მშვიდ, ღია და დემოკრატიულ ვითარებაში უნდა ჩატარდეს, ესეც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და სხვა რეგიონებთან შედარებით, შეიძლება ოდნავ უფრო ხშირად მიწევს აქ ყოფნა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მისი რეგიონში ყოფნა გათვლილია იმ ყურადღების კომპენსირებისთვის, რაც ამ რეგიონს აქამდე დააკლდა.

„მოვახდინეთ იმ ყურადღების კომპენსირება, რაც ამ რეგიონს დააკლდა, არა წინასაარჩევნოდ. გპირდებით, არჩევნებს რომ დავასრულებთ, კიდევ უფრო ხშირად ვიქნები ხოლმე აქ. ახლა რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრებს. დღეს სრულიად შემთხვევით მოვხვდი იმ შეხვედრაზე, რომელსაც თქვენ გულისხმობთ – მონადირეებთან შეხვედრაზე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ტურბულენტურ ისტერიულ გარემოში ვნახე მშვიდი, წყნარი ადამიანები, რომლებსაც თავისი პროფესიული საქმიანობის გარდა მშვენიერი ჰობი გააჩნიათ. ისინი საკმაოდ კარგად არიან ორგანიზებული, აღწევენ თავიანთ მიზნებს. ეს ყველაფერი იყო ძალიან მომხიბვლელი, სასიამოვნო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად დღეს ზუგდიდში რამდენიმე შეხვედრა გამართა.