გიორგი გახარია - ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ, ყველაზე კარგად ვიცით, რა უჭირს ჩვენს მოქალაქეს თითოეულ რეგიონში, ქალაქში, სოფელში
გიორგი გახარია - ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ, ყველაზე კარგად ვიცით, რა უჭირს ჩვენს მოქალაქეს თითოეულ რეგიონში, ქალაქში, სოფელში

გარდაბანი დღეს საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტი და კუთხეა, პირველ რიგში, თქვენი შრომით მიაღწიეთ იმას, რომ აქ ბევრი რამ იცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გარდაბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაურ დარგალის წარდგენისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნება, ჩვენი სიძლიერეა.

„ეს არის ის შეთანხმება, რომელსაც ყველამ უნდა მივაღწიოთ და ამის შემდეგ უნდა ვიზრუნოთ, გავიხედოთ წინ, როგორ უნდა ავაშენოთ ეს ქვეყანა ერთად. მარტივ მაგალითებს მოვიყვან. გარდა იმისა, რომ გარდაბანი, სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ძლიერი მუნიციპალიტეტია, რომელიც ფაქტიურად ამარაგებს, არა მხოლოდ თბილისს, არამედ ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტშიც სერიოზული წვლილი შეაქვს. დღეს უნდა გავიხსენო, რომ ზუსტად 2013 წელს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 511 მილიონი დოლარი იყო. დღეს, 2019 წელს, 900 მილიონამდე ავიდა. ფაქტობრივად, გავაორმაგეთ. ეს ჩვენი, ყველას ერთობლივი და პირველ რიგში, თქვენი დამსახურებაა. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გარდაბანში, 2012 წლის შემდეგ ორი უმსხვილესი თბოელექტროსადგური აშენდა, რომლის დადგმული სიმძლავრე 461 მგვტ-ია, რაც 410 მილიონი დოლარი დაჯდა. ეს ნიშნავს იმას, რომ გარდაბნის ბიუჯეტს ძალიან სერიოზული შემოსავალი აქვს ქონების გადასახადიდან. მე გაგახარებთ, რომ ჩვენ ვიწყებთ მესამე თბოელექტროსადგურის მშენებლობას, რომელიც დაახლოებით 200 მგვტ-ი სიმძლავრის იქნება და გარდაბნის მუნიციპალიტეტს კიდევ დაემატება შემოსავალი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება და ადგილობრივი მთავრობა ძალიან ეფექტურად იყენებს. ეფექტურად იყენებს, რადგან დღეს ჩვენ ვხედავთ გარდაბანში ძირითადი სისტემური ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს, გზები მოწესრიგებულია, ძირითად სოფლებთან დამაკავშირებელი გზები მოწესრიგებულია, შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებაც არის დაწყებული და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ერთად უნდა გავიყვანოთ ბოლოში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა გარდაბანში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ კეთდება, სერიოზული პრობლემები გვაქვს წყალმომარაგებაში, მაგრამ ეს პროცესები გრძელდება. წლების განმავლობაში, მაგალითად კუმისის წყალმომარაგება იყო პრობლემა, ეს პროცესი დაწყებულია და დასრულდება. საირიგაციო, სარწყავი წყლები არის ნაწილობრივ პრობლემა და ესეც დაწყებულია და უნდა გავაკეთოთ. არავინ არ ამბობს, რომ ჩვენ ვართ შეუცდომლები, მაგრამ ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ. ყველაზე კარგად ვიცით, რა უჭირს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს თითოეულ რეგიონში, ქალაქში, დაბაში, მუნიციპალიტეტში და სოფელში. ზუსტი გეგმა გვაქვს იმის, რა უნდა გავაკეთოთ, ისევე, როგორც გარდაბანში. აქაც არ ვამბობთ იმას, რომ პრობლემები არ არის. არის ეს პრობლემები, მაგრამ გუნდია, რომელმაც ეს პრობლემები იცის სად არის და როგორ უნდა აღმოფხვრას. ეს არის, რაზეც ჩვენ უნდა შევთანხმდეთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყანა დღეს არის ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უკეთესი, ვიდრე დღეს. ეს შრომა, პირველ რიგში, მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ჩვენს ბავშვებს მივცეთ უკეთესი განათლება და გავატაროთ სისტემური რეფორმა განათლებაში. ჩვენი მოხუცები და პენსიონერები იყვნენ უფრო დაფასებულები. ჩვენს ახალგაზრდებს შეეძლოთ და სახელმწიფომ შეუქმნას პირობები, რომ საკუთარი თავის თვითრეალიზებით არჩინონ თავიანთი ოჯახები და ხვალინდელი დღე გახადონ უკეთესი, ვიდრე იყო დღევანდელი. ეს არის ჩვენი ძირითადი პრინციპი და თქვენ ყველანი კარგად ხედავთ, რომ გზები, ის სისტემური ინფრასტრუქტურა, რომელიც საბაზისოა – გზა, წყალი, გაზი – ეს ყველაფერი დღითიდღე კეთდება და ყოველდღე არის უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ დახმარება სჭირდება ჩვენს გლეხს, გლეხი, რომელიც უნდა გახდეს ძლიერი ფერმერი.

„ჩვენ უკვე გავაკეთეთ სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც აძლევს თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობას, რომ თუ მას უნდა, დაიწყოს ბიზნესი, ამის შესაძლებლობა მას უნდა ჰქონდეს. სახელმწიფომ უნდა შეუქმნას ყველა პირობა, რომ მან პირველი ნაბიჯი ბიზნესში გადადგას და თავისი საქმე დაიწყოს. ამისთვის ჩვენ გავაკეთეთ პროგრამა – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“, აღარ მოგიწევთ თბილისში ჩასვლა, აქ, გარდაბანში, იუსტიციის სახლში თქვენ შეძლებთ მიიღოთ ყველა ის მომსახურება, რომლისთვისაც უნდა ჩასულიყავით თბილისში, გევლოთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. ვისაც აქვს ინიციატივა, იცოდეთ, რომ სახელმწიფო დაგიდგებათ გვერდით და ყოველთვის შექმნის თანაბარ და სამართლიან პირობებს ყველასთვის. სამართლიანობა არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა და ამ სამართლიანობისთვის ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი ადამიანი წარმოადგენს თქვენს ხმას საქართველოს პარლამენტში და ზაურ დარგალი არის ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე ღირსეულად შეუძლია წარმოადგინოს თქვენი ხმა პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში, არჩევნების დღეს, ჩვენ ყველანი გავიმარჯვებთ, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიანად, ერთად ყველამ და ისე, რომ საერთოდ საუბარიც არ იყოს მეორე ტურზე. გამარჯვებას გისურვებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.