ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი გაგუამ ივარჯიშა „დეპორტივო ალავესთან“ ერთად, რომელიც ლა ლიგის 26-ე ტურში „ხეტაფესთან“ მატჩისთვის ემზადება – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის ფოტო ვარჯიშიდან გუნდის „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა.
როგორც კლუბის ვებგვერდი იუწყება, გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ლუის მენდილიბარ ეჩევარიამ სარეზერვო გუნდის ქართველი თავდამსხმელი ტრავმირებული შემტევის ნაცვლად ავარჯიშა.
„შემოგვიერთდნენ სარეზერვო გუნდის მოთამაშეები – გიო გაგუა და ადრიან როდრიგესი, რადგან ალან გოდოი მუხლის ტრავმის გამო ვერ გვეხმარება“, – წერია „ალავესის“ გავრცელებულ ცნობაში.
გიორგი გაგუა „ალავესთან“ ერთად წინასასეზონო შეკრებაზე ემზადებოდა და ამხანაგურ მატჩებში ანგარიშზე 3 გოლიც ჩაიწერა, მაგრამ ჯერ ოფიციალურ შეხვედრებში თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია.
მიმდინარე სეზონზე მან „ალავესი B-ში“ 25 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 21 წლის თავდამსხმელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია – გიორგი ნოემბერში ინგლისთან გამართულ მატჩში მონაწილეობდა, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ანგარიშით 3:2 მოიგო.
„დეპორტივო ალავესი B“ „ტერცერა დივიზონ RFEF-ის“ მე-4 ჯგუფში გამოდის. 28 ტურის შემდეგ 54 ქულით მეორე ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე 10 ტურით ადრე ლიდერს, „პორტუგალეტეს“ 6 ქულით ჩამორჩება.