გიორგი გაბედავამ ისრაელი დატოვა - ჩემპიონატი რომც განახლდეს, კლუბს გათავისუფლებას ვთხოვ #1TVSPORT
გიორგი გაბედავამ ისრაელი დატოვა - ჩემპიონატი რომც განახლდეს, კლუბს გათავისუფლებას ვთხოვ #1TVSPORT

გიორგი გაბედავამ ისრაელი ომის გამო დატოვა და იმედოვნებს, რომ აკრეს „ჰაპოელთან“ ხელშეკრულებას გაწყვეტს, რაც ახალ კლუბში ჩარიცხვაში დაეხმარება, – ამის შესახებ გამოცდილმა თავდამსხმელმა საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.

„მე და ჩემი ოჯახი ვცხოვრობდით აკრეში, რომელიც ლიბანთან ახლოს მდებარე ქალაქია. ღაზის სექტორში ეს საშინელი ამბები 7 ოქტომბერს დაიწყო, სამი დღის შემდეგ კი სროლები ჩვენს მხარეშიც გაისმა. უსაფრთხოების გარანტია არავის გვქონდა. ოჯახის უსაფრთხოების მიზნით წამოვედი და ახლა თბილისში ვარ.

ჯერ ჩემპიონატის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. მხოლოდ ის ითქვა, რომ თამაშები გადაიდო და ჩატარებას აპირებენ, მაგრამ ასეთ ვითარებაში ჩემპიონატი თუ მაინც გაგრძელდება, კონტრაქტის გაწყვეტას შევეცდები, რადგან ახლა მთავარი უსაფრთხოებაა.

ვცდილობ, გუნდთან ურთიერთობა დავალაგო და წამოვიდე. გახსოვთ ალბათ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ორივე ქვეყნის გუნდების მოთამაშე ლეგიონერებს წასვლის უფლება მისცეს, რადგან მთავარი ადამიანების უსაფრთხოებაა. ჩვენ შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ ჯერ ოფიციალურად ფიფა და უეფა ისრაელთან დაკავშირებით მსგავს გაცხადებას არ აკეთებს.

ბუნებრივია, საქართველოში თამაშს არ გამორიცხავ. ამ ვითარებაში ყველაფერი შეიძლება განვიხილო, მაგრამ ჯერ ისრაელშია გასარკვევი. ამის შემდეგ მეცოდინება, კარიერას სად გავაგრძელებ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი გაბედავამ.