გიორგი გაბედავა „საბურთალოში“ გადასვლაზე - ერთსულოვანი გუნდია და მწვრთნელის ფაქტორმაც იმოქმედა
გიორგი გაბედავა „საბურთალოში“ გადასვლაზე - ერთსულოვანი გუნდია და მწვრთნელის ფაქტორმაც იმოქმედა

„საბურთალომ“ გიორგი გაბედავა დაიმატა. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე, მოქმედ ჩემპიონ გუნდში გადასული 29 წლის თავდამსხმელის თქმით, ჰქონდა სხვა შემოთავაზებები, მაგრამ გადამწყვეტი ლიგაზე თამაშის პერსპექტივა და მწვრთნელის ფაქტორი აღმოჩნდა.

„საქართველოს ჩემპიონატში დიდი ხანია, ვთამაშობ. ფეხბურთელებისგან ვიცოდი, რომ „საბურთალოში“ კარგი ატმოსფერო იყო. ჩემი თვალით ნანახმა კი ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა – რამდენიმე კლუბში მითამაშია, მაგრამ მსგავსი ერთიანობა არ მინახავს. ხვალ გუნდთან ერთად „სამტრედიასთან“ სათასო მატჩზე მივემგზავრები. თუ სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს, მინდორზე სიამოვნებით გავალ“, – ამბობს გიორგი გაბედავა.

გამოცდილი თავდამსხმელის თქმით, მოქმედი ჩემპიონის შეთავაზების შემდეგ, გადაწყვეტილება მალე მიიღო.

„ყველაფერი ორ-სამ დღეში გადაწყდა და ბევრი არც მიფიქრია, რადგან კლუბის ხელმძღვანელებისა და სამწვრთნელო შტაბისგან ნდობა დავინახე. უპირველესად, მთავარი მწვრთნელის ფაქტორმა იქონია გავლენა. გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით „გაგრაში“ ვთამაშობდი. ვიცი მისი ხედვა, ფეხბურთისადმი მიდგომა, სათამაშო სტილი. მწვრთნელის ფაქტორი ფეხბურთელისთვის ძალიან დიდ როლს თამაშობს. მეორეა ის, რომ კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ეს ფაქტორი ჩემთვის დიდი გამოწვევაა. მესამე – ჩემი სურვილიც იყო, რომ „საბურთალოში“ მეთამაშა და კლუბიც დაინტერესებული იყო ჩემი სამსახურით“, – აღნიშნა გიორგი გაბედავამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბედავა 2018 წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, თავდამსხმელი და ბომბარდირი გახდა.