გიორგი გაბედავა - „საბურთალოდან“ მართლაც წავედი, მაგრამ ბათუმიდან არავინ დამკავშირებია
გიორგი გაბედავამ საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა ინფორმაცია, რომ „საბურთალო“ დატოვა, მაგრამ ახალ გუნდში ჩარიცხვას უარყოფს.
„მართალი ისაა, რომ „საბურთალო“ დავტოვე. კონტრაქტი დამისრულდა და აღარ გავახანგრძლივეთ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი გაბედავა.
ეროვნული ლიგის 2018 წლის საუკეთესო ბომბარდირმა უარყო ინფორმაცია, რომ ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხა.
„ბათუმის „დინამოში” არათუ არ ჩავრიცხულვარ, გუნდის წარმომადგენლებთან არც მილაპარაკია. ასე რომ, ახლა ამ გუნდის წევრი კი არა, თავისუფალი აგენტი ვარ და შემოთავაზებებს ველოდები“, – აცხადებს გაბედავა.
გიორგი ამბობს, რომ, შესაძლოა უცხოეთში წავიდეს: „შემოთავაზებები უკვე გამოჩნდა, არის ქართული გუნდებიც და უცხოურებიც. ბუნებრივია, ევროპაში წასვლა მსურს. თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია“.
გიორგი გაბედავა „საბურთალოში“ 2019 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და გუნდის ფორმით ჩატარებულ 27 მატჩში რვა გოლთან ერთად, ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
2018 წელს, საჩხერის „ჩიხურაში“ გამოსვლისას, 30 წლის თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძესთან ერთად ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ამავე დროს, ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გაბედავა არის საქართველოს თასის გამარჯვებული (2011, 2014) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2014).