გიორგი გაბედავა - ძალიან ცუდი წელი იყო, მაგრამ ჩემპიონები დამსახურებულად გავხდით (ვიდეო)
„დინამო თბილისის“ ფეხბურთელებმა მორიგი ჩემპიონობის მოპოვებაზე კომენტარები გააკეთეს და განაცხადეს, რომ მძიმე სეზონი გაიარეს.
გიორგი პაპავა, „დინამოს“ მოთამაშე: „ძალიან რთული სეზონი იყო ყველა სფეროში და ფეხბურთიც არ იყო გამონაკლისი. ზოგჯერ ორ თვეში ერთი თამაში გვიწევდა, ზოგჯერ კი თვეში ხუთ მატჩს ვატარებდით. მაგრამ მაქსიმუმი გავაკეთეთ და ყველას დავანახეთ, რომ საქართველოში პირველი გუნდი ვართ. შარშანდელივით გამარჯვება ვიზეიმეთ და ვფიქრობ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო უკეთესი იქნება და ყველანი მომავლის იმედად ვართ“.
გიორგი გაბედავა, რომელმაც დასკვნით შეხვედრაში „მერანთან“ დუბლი შეასრულა, დარწმუნებულია, რომ „დინამომ“ ტიტული დამსახურებულად მოიპოვა: „ზოგადად რთული წელი იყო. თამაში იშვიათად, პაუზებით გვიწევდა. ძალიან ცუდი წელი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ჩვენ ჩემპიონები დამსახურებულად გავხდით. ჩემპიონატს მთელი წლის განმავლობაში ვლიდერობდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ“.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-18 ტურის შეხვედრა „დინამო თბილისმა“ თბილისის „მერანთან“ 3:0 მოიგო და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში მეთვრამეტედ დაეუფლა.