წყალტუბოს „სამგურალმა“ გამოცდილი თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია დაიმატა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„წყალტუბოს „სამგურალმა“ გიორგი ფანცულაია დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა. კეთილი იყოს, გიორგი, შენი მოსვლა ჩვენს კლუბში, წარმატებებს გისურვებთ „სამგურალთან“ ერთად“.
30 წლის ფორვარდი კარიერის განმავლობაში რამდენიმე ქართულ გუნდში ასპარეზობდა. 2020 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ 17 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. მომდევნო წელს ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, სადაც ორი სეზონი გაატარა და 19 გოლი გაიტანა. 2021 წელს გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა, 2022 წელს კი საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.
2023 წელს ფანცულაია ყაზახურ „კასპიიში“ ჩაირიცხა, სადაც ექვსი გოლი გაიტანა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის გადადგომის შემდეგ გუნდი დატოვა. ყაზახეთიდან გიორგი კვლავ ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნდა და გუნდში ნახევარი სეზონი ითამაშა.
ფანცულაია 2010-2013 წლებში საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებების წევრი იყო, 19-წლამდელთა გუნდში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მიიღო მონაწილეობა. 2021 წელს ეროვნულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული.