გიორგი ფანცულაია - ფეხბურთზე შესვლისას ბავშვიც ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზე ოცნებობს და მე ეს ოცნება ამიხდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების დებიუტანტებიდან ერთ-ერთი გიორგი ფანცულაიაა – ბათუმის „დინამოს“ 27 წლის თავდამსხმელი, რომელიც ათი გოლით ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია.
„ფეხბურთზე ბავშვი რომ შედის, მასაც კი ჰყავს საოცნებო გუნდი და ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზე ოცნებობს. ბუნებრივია, მე გამონაკლისი არ ვყოფილვარ და ეს ოცნება ამიხდა. ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. ეს ბათუმის „დინამოს“ და ჩვენი მთავარი მწვრთნელის, გაი გეგუჩაძის დამსახურებაა, რადგან ამბიციური კლუბი ყალიბდება და სტადიონზე ხალხი დადის, რომლის წინაშეც პასუხისმგებლობას გრძნობ. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ. ბათუმის „დინამოში“ ევროპული გარემოა, სტადიონზე საფეხბურთო ზეიმია და ფეხბურთელები შესაძლებლობის მაქსიმუმს ავლენენ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ფანცულაია.
ბათუმელთა თავდამსხმელი ცნობილი ფეხბურთელის, მამუკა ფანცულაიას ვაჟია, რომელიც 1985 წელს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. გიორგიმ ის პერიოდი გაიხსენა, კარიერაში ჩავარდნა რომ ჰქონდა:
„მამუკა ოცნებოდა, რომ ნაკრებში მეთამაშა და გული მწყდება, ამ დღეს რომ ვერ მოესწრო. ჩემი სჯეროდა და იმედოვნებდა, რომ ეს დღე ადრე თუ გვიან დადგებოდა. სხვათა შორის, ყველა ცუდი და უსიამოვნო ამბები ერთ პერიოდს დაემთხვა – მამის გარდაცვალება, საჩხერეს „ჩიხურას“ შეკრების გაცდენა მომიხდა, მერე .კი კუნთი გამიწყდა და დიდი დრო გამიცდა. ბევრმა ხაზი გადამისვა, მაგრამ ეს ჩავარდნა გამომადგა. დავფიქრდი, რას ვერ ვაკეთებდი ისე, რა შეცდომები დავუშვი. წინსვლა ქუთაისის „ტორპედოდან“ დაიწყო, სადაც შანსი გამოვიყენე. შემდეგ ბათუმის „დინამოში“ გადავედი და ამ გუნდმა დიდი როლი ითამაშა, ნაკრებში რომ მოვხვდი“.