გიორგი დევდარიანი - მოთამაშეების შესაძლო გადინება გახდა ერთ-ერთი მიზეზი, „ლოკომოტივში“ რომ აღარ ვმუშაობ
გიორგი დევდარიანი - მოთამაშეების შესაძლო გადინება გახდა ერთ-ერთი მიზეზი, „ლოკომოტივში“ რომ აღარ ვმუშაობ

საფეხბურთო კლუბი თბილისის „ლოკომოტივი“ შესაძლოა, ირაკლი სიხარულიძის გარდა, კიდევ რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვოს – მცველებმა გიორგი რეხვიაშვილმა, მამუკა კობახიძემ და თავდამსხმელმა ვატო არველაძემ. ამის შესახებ გუნდის აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა განაცხადა.

44 წლის სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და გუნდის ხელმძღვანელობამ თანამშრომლობა აღარ გააგრძელა – დევდარიანის თქმით კი, მისი და „ლოკომოტივის“ გზების გაყრის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ წამყვანი მოთამაშეების შესაძლო გადინება გახდა. 

„გუნდის მშენებლობისთვის ორი წელი გვჭირდებოდა, ბავშვები რომ გაგვეზარდა და ამის შემდეგ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშის დახმარებით, ევროპის ლიგაზე გავსულიყავით. წლეულს კი ჩვენი მიზანი ხუთეულში მოხვედრა იყო, რაც რამდენიმე ინტერვიუში დავაფიქსირე, მათ შორის პირველი არხის მიერ „ლოკომოტივზე“ მომზადებულ სიუჟეტში. გუნდის მიზნად 2018 წლის სეზონში სამეულში მოხვედრა და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება დამისახეს და დავინტერესდი, ვახერხებდით თუ არა ლიდერების შენარჩუნებას. დასრულებულ სეზონში სიხარულიძემ, არველაძემ, რეხვიაშვილმა და კობახიძემ თავი გამოიჩინეს და მათ მიმართ ინტერესი გაჩნდა. მითხრეს, წასვლის მსურველებს ვერ დავაკავებთო. მე კი ასე გუნდს ვერ ავაშენებდი“, – ამბობს დევდარიანი.