გიორგი დემეტრაძე „ნორჩი დინამოს“ აკადემიას უხელმძღვანელებს
გიორგი დემეტრაძე „ნორჩი დინამოს“ აკადემიას უხელმძღვანელებს

„ნორჩი დინამოს“ საფეხბურთო აკადემიას გიორგი დემეტრაძე უხელმძღვანელებს – ამ ინფორმაციას ავრცელებს თბილისის „მერანი“, რომელიც ამ აკადემიის ბაზაზე შეიქმნა.

გუნდი 2020 წლიდან საქართველოს ეროვნულ ლიგაში იასპარეზებს – ახალი სეზონიდან „ნორჩი დინამოს“ ბავშვთა აკადემიას ამავე სკოლის აღზრდილი, სახელოვანი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე უხელმძღვანელებს. ამავე დროს, გიორგი „მერანთან“აქტიურად ითანამშრომლებს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებითაც, რომელსაც კლუბი თბილისსა და მის მიმდებარე დაბებსა და სოფლებში გეგმავს.

„მერანის“ ცნობით, ამ პროექტების განხორციელების იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების უფროსი მამუკა კვარაცხელიაა.

აქვე ვიტყვით, რომ ახალი სტადიონის აშენებამდე, ეროვნულ ლიგაში პირველად გადასული თბილისის „მერანი“ საშინაო თამაშებს მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ჩაატარებს. ეს ინფორმაცია „მერანის“ სპორტულმა დირექტორმა ირაკლი შენგელიამ დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ თბილისურმა კლუბმა საკუთარი ხარჯებით ლილოს დასახლებაში სტადიონის მშენებლობა დაიწყო.