გიორგი დემეტრაძე - დანიის ნაკრები კარგად დაბალანსებული გუნდია და ჩემი აზრით, ფინალამდე მივა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ევრო 2020-ის მიმდინარეობა საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გიორგი დემეტრაძემ შეაფასა და თამამი პროგნოზები გააკეთა.
– დანია ჯგუფურ ეტაპზე კარგად გამოდიოდა, კარგი და სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენა და მისი ნახევარფინალში გასვლა კანონზომიერი იყო და არც ფინალში გასვლა გამიკვირდება. მთავარია, ნახევარფინალს როგორ ფიზიკურ კონდიციაში შეხვდება.
– ინგლისთან უკრაინას ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილი აქვს, მიზანს მიაღწია და ველოდები, რომ თავისუფლად ითამაშებს. შევჩენკოს გუნდში კარგი შემსრულებლები ჰყავს და საინტერესო მატჩს ველი. დარწმუნებული ვარ, ინგლისს არაფერს დაუთმობენ, ჩვენ კი ყველა უკრაინას ვგულშემატკივრობთ.
– ერიკსენის ამბავის შემდეგ უეფა-მ დანიელებს შესთავაზა მატჩი ან გაეგრძელებინათ, ან მეორე დილის 12 საათზე ეთამაშათ. ერიკსენის მომენტმა რა ფაქტორი იქონია არ ვიცი, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელია და თანაგუნდელისთვის ითამაშეს. თუმცა, ერიკსენის ყოფნით უკეთესი გუნდი იქნებოდა.
– თუ გახსოვთ, 1992 წელს იუგოსლავიის ნაკრები რომ მოხსნეს, უეფა-მ ევროპის ჩემპიონატზე დანია ჩართო და გუნდმა ერთსულოვნებით ჩემპიონობას მიაღწია. ამ დანიის ნაკრების ძალა ისაა, რომ კარგად დაბალანსებული გუნდია – გუნდურ და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. ჩემი აზრით, ფინალამდე მივა.
– ერთადერთი თამაში ამ ევრო 2020-ზე, სადაც იოლად მოიგეს, ეს იყო ბელგიის მატჩი რუსეთთან. ასევე ვიტყვი დანიის მოგებაზე რუსეთთან. ყველა დანარჩენი დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობს.
– უკრაინის ნაკრებს არანაირი ფსიქოლოგიური ზეწოლა არ ექნება, შეეცდება კონტრშეტევაზე დაიჭიროს მეტოქე და თუ გამოიყენებს მომენტებს, ინგლისს ძალიან გაუჭირდება. ინგლისს მაშინაც გაუჭირდება, თუ ისე ითამაშა, როგორც შოტლანდიასთან. მე ძალიან საინტერესო თამაშს ველოდები. საერთოდ, უკრაინის ნაკრებს ამ ევროზე ისე უმართლებს, არ გამოვრიცხავ, ფინალი დანია-უკრაინა იყოს. თანაც, შევჩენკომ გარისკა და ორი თავდამსხმელი დააყენა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინა მოსაგებად გადის.
– მაყურებელი რომ ესწრება, ამის გამოა, რომ ბევრი ხარისხიანი თამაში ვიხილეთ. თურქეთის ნაკრები იმედგაცრუება იყო – მისგან მეტს ველოდი. ჩემი აზრით, ამ ჩემპიონატზე ყველაზე სუსტი ნაკრები რუსეთთან ერთად ჩრდილოეთ მაკედონია იყო.
– საფრანგეთმა ბევრი მოიგო, მაგრამ ყველაფერს ვერავინ მოიგებს. ბენზემა მათ შორის საუკეთესო იყო, მბაპემ კი ხეირიანი ვერაფერი გააკეთა.