გიორგი ჩოჩიშვილი - „დილაში“ ტრანსფერი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ნაბიჯია
გიორგი ჩოჩიშვილმა გორის „დილაში“ გადასვლაზე კომენტარი გააკეთა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე გორის გუნდში თბილისის „შევარდენი 1906“-დან გადავიდა.
გორელთა ახალწვეულმა, გიორგი ჩოჩიშვილმა „დილას“ ოფიციალურ გვერდთან გადასვლის მიზეზებზე კომენტარი გააკეთა.
„გორის „დილაში“ ტრანსფერი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო ნაბიჯია. ამ გუნდს აქვს კარგი ტრადიციები და მიხარია, რომ „დილას“ წევრი გავხდი. რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ სათამაშო ფორმას – ბოლო პერიოდში ყოფილ კლუბში, „შევარდენში“ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონდა და ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრის საუკეთესო მეკარედ დამასახელეს. ვფიქრობ, გუნდში არსებული კონკურენციისთვის მზად ვარ. „დილას“ ერთგული ქომაგი მრავლად ჰყავს და ვეცდები, ისინი გავახარო“, – ამბობს ჩოჩიშვილი.
21 წლის მეკარემ „დილასთან“ კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე გააფორმა. გიორგი ჩოჩიშვილი ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონის, შოთა ჩოჩიშვილის შვილიშვილია, მაგრამ მშობლიური ქალაქის, გორის გუნდში აქამდე არ უთამაშია.