გიორგი ჩხეტიანი - პორტუგალიაში გადასვლაზე არც დავფიქრებულვარ #1TVSPORT
გიორგი ჩხეტიანი ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე „ბრაგას“ 23-წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა. 18 წლის ფეხბურთელმა, რომელიც „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, პორტუგალიური კლუბის პრესსამსახურთან განაცხადა, რომ გადასვლაზე არც დაფიქრებულა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდში ჩავირიცხე. „ბრაგა“ შესანიშნავი კლუბია, რომელსაც საერთაშორისო დონეზე კარგი სახელი აქვს. საქართველოში მასზე ბევრმა იცის და „ბრაგას“ თამაშებს თვალყურს ადევნებენ“, – განაცხადა გიორგი ჩხეტიანმა.
18 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გუნდთან დაკავშირებულ გეგმებზე ილაპარაკა.
„მე საქართველოს ყველაზე დიდ კლუბში ვთამაშობდი. მაგრამ როდესაც „ბრაგაში“ წამოსვლის შესაძლებლობა გამოჩნდა, არც კი მიყოყმანია. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ რაც შეიძლება წარმატებული ვიყო. მინდა გულშემატკივრებმა რაც შეიძლება სწრაფად გამიცნონ“, – ამბობს პორტუგალიელთა ქართველი ახალწვეული.
გიორგი ჩხეტიანმა „ბრაგასთან“ კონტრაქტი 26 სექტემბერს გააფორმა. 18 წლის მარცხენა მცველი პორტუგალიურ კლუბში „დინამო თბილისიდან“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა. ის იყო საქართველოს ნაკრების 17-წლამდელთა ნაკრების მცველი, ხოლო წელს „დინამო თბილისში“ სადებიუტო თამაში ჩაატარა. ჩხეტიანი „ბრაგას“ 23-წლამდელთა გუნდს შეუერთდა.
2003 წელს დაბადებულთა გუნდიდან გიორგი ჩხეტიანი პირველი არაა, რომელიც „დინამო თბილისის“ აკადემიამ უცხოეთში გაუშვა – გუნდმა ლუკა გაგნიძე მოსკოვის „დინამოში“ ჩარიცხა (რომელმაც „ურალში“ იჯარით გაანათხოვრა), ხოლო გიგი აბუაშვილი – „პორტუს“ 19-წლამდელთა გუნდში.