გიორგი ჭიაბრიშვილს რამდენიმე დღის წინ გულის სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა. თბილისის „დინამოს” მთავარი მწვრთნელის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და 42 წლის სპეციალისტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ ჭიაბრიშვილი თავს ბევრად უკეთ გრძნობს და ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ უკვე მზადაა, რომ საავადმყოფოდან გამოწერონ.
ჭიაბრიშვილის არყოფნაში „დინამო თბილისი“ ზედიზედ მესამე მატჩს ჩაატარებს – დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8 ფინალში თბილისელები ბათუმის „დინამოს“ 14 სექტემბერს ესტუმრებიან. გუნდს გიორგი დეკანოსიძე უხელმძღვანელებს.
ბოლო ტურში წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ თბილისის „დინამოსთან” მატჩი შეაფასა და მეტოქის მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს ჯანმრთელობა უსურვა.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ლიგაში „დინამოსთან“ მატჩის დაწყებამდე მიქაძის გუნდმა სამაგალითო ჟესტი გააკეთა და მოედანზე მეტოქის მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის მხარდამჭერი მაისურებით გავიდა, სადაც ეწერა – „მალე გამოჯანმრთელება!“