გიორგი ჭიაბრიშვილი - რომ გაგვმართლებოდა, ჩემი აზრით, შეხვედრას მოვიგებდით
გიორგი ჭიაბრიშვილი - რომ გაგვმართლებოდა, ჩემი აზრით, შეხვედრას მოვიგებდით

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების „დინამოსთან“ ორბურთიანი სხვაობით მარცხის შემდეგ, საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა საკუთარი გუნდის შანსი შეაფასა.

„ასე დონეზე, ასეთ ლიგაში სტაბილურად წარმატებულ თამაშს გამოცდილება სჭირდება, რაც ჩემს გუნდს სამწუხაროდ ნაკლებად აქვს. შესაძლოა ორბურთიანი სხვაობით წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი და გამოცდილი გუნდი იყო. მიუხედავად ამისა, მინდა ვთქვა – რიგ მომენტებში ვაჯობეთ კიდეც მეტოქეს. რომ გაგვმართლებოდა, ჩემი აზრით, შეხვედრას მოვიგებდით“, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

გამარჯვების მიუხედავად, უკმაყოფილო იყო „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ნენად ბჟელიცა.

„საბურთალომ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. თუმცა, მეორე ნახევარში დალაგება შევძელით და მოცემული შანსი გამოვიყენეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე გაკეთებულია. რეალურად, ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ და ბევრ ხარვეზზე გვაქვს აქცენტი გასამახვილებელი. ვიმედოვნებ, მეორე შეხვედრაში უკეთ ვითამაშებთ და მომდევნო ეტაპის საგზურს დამაჯერებლად მოვიპოვებთ“, – განაცხადა სპეციალისტმა.