გიორგი ჭიაბრიშვილი - ზღაპრის ბოლო კეთილია, მაგრამ ის ახლა დაიწყო და ამას მთელი საქართველო დაინახავს #1TVSPORT
„მადლობას ვეტყვი ჩვენს ეროვნულ ნაკრებს“, – აღნიშნა პირველი არხის გადაცემის, „ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ცნობილმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა.
„მადლობას ვეტყვი ნაკრებს, ფეხბურთელებს და მათ, ვინც ეს სიხარული მოგვანიჭა.
ეს ღირსეული გამოსვლა იყო. მთელ მსოფლიოს გააცნეს ჩვენი ტრადიციები, კულტურა, ის, თუ რა შეგვიძლია, მათ შორის, როგორი გულშემატკივრობა და ერთად ყოფნა ვიცით.
ესპანეთთან თამაში სხვა წონით კატეგორიაში ჩხუბი იყო. არ მინდა, დეტალებს ჩავუღრმავდე, მაგრამ ყველაფერი ვცადეთ. ვფიქრობ, გადამწყვეტი მომენტი ესპანელების პირველი გოლი იყო, როდესაც კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო. მას არ შეეძლო გადაადგილება და გოლი იმ პოზიციიდან მივიღეთ, სადაც ის იდგა.
ერთი რამის თქმა მსურს, ზღაპრის ბოლო კეთილია, მაგრამ ის ახლა დაიწყო და ამას მთელი საქართველო დაინახავს“, – განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.