გიორგი ჭიაბრიშვილი - ყველას თავისი ჯვარი აქვს და ჩვენი წილი საქმე მოედანზე უნდა გავაკეთოთ
გიორგი ჭიაბრიშვილი - ყველას თავისი ჯვარი აქვს და ჩვენი წილი საქმე მოედანზე უნდა გავაკეთოთ

ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩამდე, თბილისის „ლოკომოტივმა“ მიხეილ მესხის სტადიონზე მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში გამართა, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენციაზე თამაშისთვის მზადებასა და მეტოქეზე ილაპარაკა.

„მოსკოვური კლუბი შევისწავლეთ, გავარჩიეთ გუნდურად და ინდივიდუალურად. რუმინელების წინააღმდეგ თამაში ადვილი იყო, რადგან სულ ერთი ტაქტიკით და შემადგენლობით თამაშობდნენ. მოსკოველები კი განლაგებას ცვლიან, ხან 5 მცველით თამაშობენ, ხან – 4-ით. მათი მოთამაშეების 80% ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. ორივე ძლიერი გუნდია, მაგრამ მოსკოველებს საერთაშორისო გამოცდილებით უფრო მეტი მოთამაშე ჰყავს და მეტი კლასი აქვთ,“ – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.

თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მატჩის პოლიტიზაციის მცდელობა არ მოსწონს:

„ყველას თავისი ჯვარი აქვს და ჩვენი წილი საქმე აქ უნდა გავაკეთოთ. ომი და დაკარგული ტერიტორია ჩვენ არავისზე ნაკლებად გვტკივა, მაგრამ ჩვენი საქმე აქ მოგებაა. ამიტომ უნდა გავმიჯნოთ სპორტი და პოლიტიკა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდეს“.

თბილისის „ლოკომოტივი“ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის „დინამოს“ 17 სექტემბერს უმასპინძლებს. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე 21 საათზე დაიწყება.