გიორგი ჭიაბრიშვილი - „ტორპედოსთან“ მეტ გულშემატკივარს ველოდები #1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილი - „ტორპედოსთან“ მეტ გულშემატკივარს ველოდები #1TVSPORT

გიორგი ჭიაბრიშვილი, რომელმაც „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო შეხვედრა „გაგრასთან“ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში დამაჯერებელი გამარჯვებით აღნიშნა, გულშემატკივრებს მოუწოდებს, შემდეგ ტურში „ქართულ კლასიკოზე“ სტადიონზე მრავლად მოვიდნენ.

„მოვუწოდებ გულშემატკივარს, რომ შემდეგ ტურში თამაში ქუთაისის „ტორპედოსთან“ გვაქვს და მინდა, უფრო მეტი მხარდამჭერი გვყავდეს და დარწმუნებული ვარ, უფრო სანახაობრივი შეხვედრა იქნება“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.

42 წლის სპეციალისტმა „გაგრასთან“ სადებიუტო შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელშიც მისმა გუნდმა დამაჯერებლად გაიმარჯვა – 5:0. მან თავისი წინამორბედის, კახა ცხადაძის მიმართ მადლიერება გამოხატა.

„რა თქმა უნდა, ასეთ დასაწყისს ვისურვებდი – ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. მადლობა ბიჭებს იმისთვის, რაც მოედანზე გააკეთეს და როგორც დაიხარჯნენ. კიდევ მადლობა მინდა გადავუხადო კახა ცხადაძეს თავის სტაფთან ერთად – ამ მოგებას მე ჩემს თავს ვერ მივაწერ, რადგან სულ ერთი დღეა, რაც „დინამოში“ მოვედი. კარგი დღე იყო, სადაც ყველაფერი ერთმანეთს კარგად დაემთხვა – კარგი ნამუშევარია, კარგი ფეხბურთელები დამხვდნენ და იმედია, ამას განვავითარებთ და შემდეგ თამაშებსაც ასევე ჩავატარებთ“, – აცხადებს „დინამო თბილისის“ ახალი მთავარი მწვრთნელი.