გიორგი ჭიაბრიშვილი - მოედანი და ინფრასტრუქტურა თუ არ გვაქვს, მაშინ წარმატების ამბიციაც ნუ გვექნება #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა, რომელიც ამჟამად არც ერთ გუნდს არ ავარჯიშებს, ქართულ ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა:
„ახლა კარგად ვისვენებ, თუ შეიძლება ამ არეულობასა და არსებულ ვითარებაში ასე რომ თქვა. არანაირი შემოთავაზება არ მქონია. ეტყობა, ახლა სიახლეებისთვის არავის არ სცალია. ყველას ბევრი აქვს სანერვიულო და საფიქრალი.
– საქართველოს ჩემპიონატს ვუყურებ და საწყისი თამაშები მომეწონა. წინა წლებთან შედარებით ძალან კარგად დაკომპლექტებული გუნდებია – ბათუმს „დინამოს“ გამოვყოფ, მაგრამ „დინამო თბილისი“, „დილა“, „საბურთალო“, „ტორპედო“ კარგად არიან დაკომპლექტებულები. მე მგონია, რომ ძლიერი გუნდები შეიკრიბა, ძლიერი მწვრთნელები უდგანან სათავეში, ძალიან კარგი თამაშები ვნახეთ და წელს ოპტიმისტურად ველოდები ევროტურნირებსაც, რომ გუნდები კარგ ფორმაში შეხვდებიან. ეს სურვილია, თუმცა, ძალიან რთული იქნება. უნდა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა. თავის დროზე „დინამო“ უეფა-ს თასის ჯგუფში გავიდა და ვამბობდით, რომ ეს გარდამტეხი მომენტი იქნებოდა, მაგრამ ეს ვერ დავინახეთ. თუ მოვხვდებით, ეს გამართლება იქნება. მე კი მინდა, კანონზომიერი ამბავი იყოს და სტაბილური სახე მიეცეს და არ იყო ის, რომ კარგი კენჭისყრა დაგვემთხვეს ან ვინმე დაიშალოს.
– ეს კანონზომიერება რომ იყოს, მარტივი ფორმულაა – ფული გვჭირდება. ეს ტალანტებიც ღმერთის წყალობაა, საიდან ვზრდით, ეგეც არ ვიცი. ნაკრებში ყოველ წელს ვიღაც ჩნდება. აზაროვი შარშან არ იყო და ახლა მისი წევრია. საქართველოში ტალანტები სულ არიან. ეს უფრო მიკვირს, ვიდრე ევროტურნირის ჯგუფში ვერმოხვედრა.
– მთავარი ფინანასებია. შოთა არველაძეს ვუსმინე, ჩემპიონშიფში რამხელა ბიუჯეტები აქვთ, რამხელა შემოსავლები. ჩვენ კი სახელმწიფო რა ფულს გვაძლევს და ყველა უარყოფითადაა განწყობილი – სხვაგვარად კი ფეხბურთი აღარ არის. შეიძლება ინდივიდუალური სპორტი სხვა თანხებით განვითარდეს, თუ გინდა სხვა გუნდური სახეობა – რაგბი, კალათბურთი. ფეხბურთში კი სხვა ფული იდება.
– ინგლისში თუ გუნდს რანგით მეორე ლიგაში 100 მილიონი სჭირდება და ესეც ცოტაა, ქართველებიც ხომ ადამიანები ვართ, მოვლა, გაზრდა და ინფრასტრუქტურა გვჭირდება. მინდვრებზე გვიწევს ლაპარაკი და ცუდ მოედანზე სწრაფად როგორ ვითამაშოთ? მერე სდიე იმ ფეხბურთელს, რომელიც ჩქარი იმიტომაა, რომ კარგ საფარზე სწრაფად თამაშს შეეჩვია.
– ყველა ხელს მთავრობისა და ფედერაციისკენ იშვერს, მაგრამ კლუბები რას აკეთებენ? მოედანი და ინფრასტრუქტურა თუ არ გაქვს, მაშინ იმის ამბიციაც ნუ გექნება, რომ კლუბები ევროტურნირებზე რამეს შევძლებთ და ნაკრები წარმატებას მიაღწევს. არადა, ამ ხალხს აქვს ასეთი ამბიცია, მაგრამ რაც უფრო გვიან დავიწყებთ ფეხბურთის განვითარებაზე ფიქრს, მიხედვას და ფულის ჩადებას, შედეგს მით უფრო გვიან მივიღებთ. შედეგი კი აუცილებლად გვექნება, რადგან ნიჭიერი ერი ვართ ყველაფერში და განსაკუთრებით – ფეხბურთში“.