გიორგი ჭიაბრიშვილი - მიმაჩნია, რომ წელს კარგი გუნდი გვეყოლება
გიორგი ჭიაბრიშვილი - მიმაჩნია, რომ წელს კარგი გუნდი გვეყოლება

თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა საქართველოს პირველ არხთან სეზონისთვის გუნდის მზადებაზე ილაპარაკა.

„კარგია, რომ ტრავმირებულები არ გვყავს. ფეხბურთელებმა საქმე გაგვიადვილეს და ახალი წლის შემდეგ ნორმალურ მდგომარეობაში გამოცხადდნენ. საქმეს აბსოლუტურად ყველა პროფესიონალურად უდგება. მიმაჩნია, რომ ყველანაირი პირობა გვაქვს საიმისოდ, რომ „ლოკომოტივი“ კარგად მოვამზადოთ. ამიტომ მჯერა, ნაყოფიერად მოვემზადებით და ეს საბოლოოდ თამაშებში გამოჩნდება. ამ მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ გუნდი ჩემპიონატს კარგ ფორმაში უნდა შეხვდეს“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ჭიაბრიშვილი.

თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარ მწვრთნელმა კომენტარი გუნდის მიზნებსა და სატრანსფერო სიახლეებზეც გააკეთა: „მიზანი ევროსაგზურის მოპოვება და ეროვნულ ლიგაში ლიდერებში მოხვედრაა. სატრანსფერო სიახლეებს რაც შეეხება, გუნდი ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, დავკომპლექტდით – ბევრი მოთამაშე არ მოგვიყვანია და ამის სურვილიც არ მქონია. ეს იმიტომ, რომ „ლოკომოტივის“ აკადემიის ფეხბურთელები დავაწინაურეთ, ვინც გვინდოდა, ის ფეხბურთელები შევინარჩუნეთ და მიმაჩნია, რომ ეროვნულ ლიგაში კარგი გუნდით გამოვალთ“.