ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალოს“ მეტოქე მოლდოვური ტირასპოლის „შერიფი“ იქნება, რომელიც შარშანაც ქართულ გუნდს, ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა.
წილისყრასა და მეტოქეზე კომენტარი „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა.
„სუსტი გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც არ თამაშობს. ხუთი სავარაუდო მეტოქედან შესაძლო იყო სხვა გუნდებიც შეგვხვედროდა. სიმართლე გითხრათ, სურვილი მქონდა, ჩვენი მეტოქე გლაზგოს „სელტიკი“ ყოფილიყო, მაგრამ მოწინააღმდეგედ მოლდოვური „შერიფი“” გვერგო, რომლის თამაშიც ბოლოს ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ ვნახე. ამ ეტაპზე, ვიცი ისიც, რომ საქართველოს ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ლეანდრო რიბეირო ირიცხება, რომელსაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. რაც შეეხება საშინაო თუ საგარეო შეხვედრას, მერჩივნა, პირველად საკუთარ კედლებში გვეთამაშა, თუმცა ახლა ამაზე საუბარი არ ღირს. ვეცდებით, ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ“, – ამბობს ჭიაბრიშვილი.
გუნდები პირველად 10 ივლისს ტირასპოლში ითამაშებენ, ხოლო განმეორებითი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 ივლისს გაიმართება.