გიორგი ჭიაბრიშვილი - „ლოკომოტივის“ ახალგაზრდა ფეხბურთელების იმედი მაქვს
გიორგი ჭიაბრიშვილი - „ლოკომოტივის“ ახალგაზრდა ფეხბურთელების იმედი მაქვს

ესპანური შეკრების ფარგლებში, თბილისის „ლოკომოტივმა“ პირველი ტესტ-მატჩი რუსულ „როსტოვთან“ გამართა და დამარცხდა 1:4.

გიორგი ჭიაბრიშვილმა „როსტოვთან“ ტესტ-მატჩი შეაფასა – „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი თამაშის ხარისხით უკმაყოფილი დარჩა.

„პირველ შეხვედრაში რთული მოწინააღმდეგე გვყავდა. ჩვენ ორი განსხვავებული შეხვედრა ჩავატარეთ. პირველი ნახევრით ძალიან კმაყოფილი ვარ, საწყისი ტაქტიკური ჩანაფიქრი, რაც ვარჯიშებზე დავგეგმეთ, ნაწილობრივ გამოგვივიდა. თუმცა, მთლიანობაში ცუდია, რომ დავმარცხდით“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.

„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, შეკრებაზე მთავარი შედეგი არ არის: „რა თქმა უნდა, აქ იმისთვის არ წამოვსულვართ, რომ მოგება-წაგებაზე ვიფიქროთ, ჩვენი მთავარი საფიქრალია, სათამაშო კომპონენტები დავხვეწოთ. ამავე დროს, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ასეთი დონის სპარინგები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კი ვცდილობთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები ამოვწიოთ და ასეთ მატჩებში გამოცდილება მიიღონ. თუ დავმარცხდებით, არაუშავს – ჩვენ ხვალინდელ დღეზე ვფიქრობთ და მე ამ ახალგაზრდა ფეხბურთელების იმედი მაქვს. შესაძლოა, დღეს ჩვენ სასურველი „პროდუქტი“ ვერ მივიღოთ, მაგრამ ეს „პროდუქტი“ რამდენიმე წელიწადში აუცილებლად გვექნება და ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვეყოლებიან“.