გიორგი ჭიაბრიშვილი - „ლოკომოტივი“ ისეა, როგორშიც შარშან „საბურთალო“ - ევროსარბიელზე გამოცდილება არ აქვს
გიორგი ჭიაბრიშვილი - „ლოკომოტივი“ ისეა, როგორშიც შარშან „საბურთალო“ - ევროსარბიელზე გამოცდილება არ აქვს

„ჩვენი მეტოქე განთესილებში ყველაზე ძლიერი იყო და ეს ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაცაა და მაჩვენებელიც – კარგად დავინახავთ, დღეს „ლოკომოტივი“ რა დონეზეა“, – ეს ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ კრაიოვას „უნივერსიტატეასთან“ მატჩამდე, თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი აზრით, რუმინული გუნდი ძლიერი მეტოქეა:

კრაიოველები ჩემპიონობისთვის ბოლო ტურამდე იბრძოდნენ, ეროვნული ნაკრების ყოფილი და მოქმედი ბევრი მოთამაშე და ძლიერი იტალიელი მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც გუნდს ამ ქვეყნის სპეციალისტისთვის უჩვეულოდ შემტევ ფეხბურთს ათამაშებს. ეს მეც ძალიან მომეწონა. მეტოქის ყველა ფეხბურთელი შევისწავლეთ, მაგრამ ეს ფურცელზე ვიცით“.

ჭიაბრიშვილმა თავისი გუნდის გამოუცდელობაზე ილაპარაკა:

„ჯერ სასურველი თამაშს ვერ ვაჩვენებთ, მაგრამ საამისოდ მთელი სულით და გულით ვმუშაობთ. ვფიქრობ, ზუსტად იმ ვითარებაში ვართ, როგორშიც შარშან „საბურთალო“ – ახლანდელ შემადგენლობას ევროსარბიელზე თამაშის გამოცდილება არა აქვს“.

„ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა თბილისური გუნდების სხვა პრობლემებიც ახსენა:

„შარშან „საბურთალოს“ საკუთარი მაყურებლის წინაშე თამაში სილაღეს უკარგავდა და უფრო დიდი სტრესი იყო. სტუმრად კი ეს ფაქტორი მოხსნილი ჰქონდა. სტადიონზე ხალხი რომ მოვიდა, პასუხისმგებლობა გაიზარდა და ფეხბურთელები ნერვიულობდნენ რომ რამე არ შეშლოდათ. ალბათ, ამიტომ იყო, რომ გასვლაზე უფრო კარგი თამაშები გვქონდა, ვიდრე შინ. ეს გამოცდილება არც „ლოკომოტივში“ გვაქვს. ალბათ, ახლა, უფრო მარტივად იქნება საქმე, რადგან მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება“.