გიორგი ჭიაბრიშვილი - ჯერ მხოლოდ საქმის ნახევარია გაკეთებული
გიორგი ჭიაბრიშვილი - ჯერ მხოლოდ საქმის ნახევარია გაკეთებული

„საბურთალო“ ტირასპოლის „შერიფთან“ განმეორებითი მატჩისთვის ემზადება. გასვლაზე ანგარიშით 3:0 მოგების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონი ტირასპოლელებს 16 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თბილისში უმასპინძლებს.

„საბურთალომ“ თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე ივარჯიშა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა კი პრესკონფერენცია გამართა.

„ტრავმირებული თითქმის არავინ გვყავს, ინტერს გის გარდა. ყველა დანარჩენი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მოახლოებული მატჩისთვის ემზადება. ძალიან რთული თამაში იქნება, იმაზე რთული, ვიდრე ტირასპოლში ჩავატარეთ. ჩემი აზრით, პირველ შეხვედრაში სწორად არ შეგვაფასეს. განმეორებითი შეხვედრისთვის სერიოზულად ვემზადებით. მატჩის დასრულების შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ განმეორებით თამაშზე ეფიქრათ. ნამდვილად არ გვაქვს განცდა, რომ შემდეგ ეტაპზე გასულები ვართ, რადგან ჯერ მხოლოდ საქმის ნახევარია გაკეთებული“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.

„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის თქმით, ანგარიშით 3:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ, გუნდი დაცვიდან თამაშს არ აპირებს.

„ჩვენს გუნდს საკუთარი სტილი აქვს: დიდი ანგარიშით მოვიგებთ თუ დავმარცხდებით, „საბურთალო“ თავის ფეხბურთს ითამაშებს და თავიდანვე შევუტევთ. ვნახოთ, მეტოქე პირველ ნომრად თამაშის საშუალებას რამდენად მოგვცემს“, – აცხადებს ჭიაბრიშვილი.

„საბურთალოსა“ და „შერიფის“ განმეორებითი მატჩი 16 ივლისს თბილისში გაიმართება. „მიხეილ მესხიდან“
მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 21:30 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.