გიორგი ჭიაბრიშვილი - ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებმა სათამაშო დისციპლინით გამაოცა #1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილის აზრით, ევრო 2024-ზე „ჯვაროსნების“ წარმატებული გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სათამაშო დისციპლინის დაცვა იყო – ამის შესახებ ქართველმა სპეციალისტმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ისაუბრა.
„საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო ფეხბურთი პორტუგალიასთან ითამაშა. ჩანდა, როცა ჩვენი გუნდი თავს იცავდა, სათამაშო სქემა 3-5-2 იყო. 90 წუთის განმავლობაში სათამაშო დისციპლინის ასეთი დაცვა დიდ გუნდებსაც კი უჭირთ.
გასათვალისწინებელია, რომ პორტუგალიასთან მატჩი ჩვენი გუნდისთვის ტურნირზე მესამე იყო და თამაშზე გავლენას ახდენდა დაღლილობა, წნეხი და სხვა ფაქტორები.
თურქეთთან არ გაგვიმართლა და წავაგეთ. ჩეხეთთან გაგვიმართლა, ამ გამართლებას სახელად მამარდაშვილი ერქვა და შედეგად, ქულა მოვიპოვეთ. პორტუგალიასთან კი გამართლებაზე ლაპარაკი უადგილოა – ამ თამაშით დიდი სიამოვნება მივიღეთ“.