გიორგი ჭიაბრიშვილი - ერთი წუთით დავკარგეთ კონცენტრაცია და წავაგეთ, გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ გვაქვს #1TVSPORT
გიორგი ჭიაბრიშვილი - ერთი წუთით დავკარგეთ კონცენტრაცია და წავაგეთ, გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ გვაქვს #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანასთან“ საპასუხო შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და განვლილ დაპირსპირებაზე ისაუბრა.

„პირველ რიგში ვიტყვი, რომ მოედანზე ორი თანაბარი გუნდი იყო, მაგრამ ასეთ დონეზე დიდ როლს თამაშობს ის ერთი წუთი, როდესაც კონცენტრაცია დავკარგეთ და ორი გოლი გავუშვით, გამოცდილება დაგვაკლდა.

სწორედ გამოუცდელობა იყო მარცხის მიზეზი, რაც პირველი თამაშშიც გამოჩნდა. წამიერად კონცენტრაციის დაკარგვა გამოვარდნად დაგვიჯდა, ეს ტურნირი ასეთ რამეს არ გპატიობს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებიც გამოცდილებას სწორედ ასეთ მატჩებში იღებენ.

ცენტრალური თავდამსხმელი დამატებას თუ ვაპირებთ? ამიტომ მოვიყვანეთ მარუშიჩი და ფაქტია, რომ მისი არყოფნა დაგვეტყო.

ერთი წელია, „დინამოში“ ვმუშაობ, ბევრი რამ შევძელი, მაგრამ ბევრიც ვერ მოვასწარი. მჯერა, საბოლოოდ მაინც მივაღწევთ იმას, რაც გვინდა. ახლა კონფერენს ლიგაზე გადავერთვებით და შევეცდებით, უკეთ ვითამაშოთ.

ასეთ დონეზე ფსიქოლოგია და მენტალიტეტი მნიშვნელოვანია, ჩვენ კი ჯერჯერობით გამარჯვებულის ფსიქოლოგია არ გვაქვს, ეს პრობლემაა. ამისთვის გვჭირდება სანაკრებო და საკლუბო დონეზე საერთაშორისო გამოცდილება“, – განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა.