გიორგი ჭიაბრიშვილი - „დილასთან“ მოგება კმაყოფილების საბაბს არ მაძლევს #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა და გუნდის კაპიტანმა, დავით სხირტლაძემ გორის „დილასთან“ ეროვნული ლიგის პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვება შეაფასეს.
საქართველოს ჩემპიონმა ახალი საფეხბურთო სეზონის პირველი შეხვედრა გორში „დილასთან“ უსმანე კამარასა და დავით სხირტლაძის გოლებით მოიგო.
გიორგი ჭიაბრიშვილი: „კარგ გუნდს ვეთამაშეთ. მოგების მიუხედავად, მაინც მიმაჩნია, რომ კმაყოფილების საბაბი არ მაქვს, რადგან მეტწილად უკეთესად „დილა“ გამოიყურებოდა. თუმცა, კარგია, როცა ვერ თამაშობ და მაინც იგებ, ამაშიც ბევრი რამ დევს. გახარებული ვარ, 3 ქულა რომ ავიღეთ და თამაში გამარჯვებით დავასრულეთ“.
დავით სხირტლაძე: „გორის „დილა“ შარშანაც ძლიერი გუნდი იყო და წელსაც შემადგენლობის ბირთვი შეინარჩუნეს. დიდი ხანია, გუნდში უკრაინელი მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო მუშაობს და „დილას“ კარგ ფეხბურთს ათამაშებს. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც მოვახერხეთ წინ გასვლა. რა თქმა უნდა, თამაშზე ჩვენი ფეხბურთელის (ჯიმი ტაბიძე) გაძევებამაც იმოქმედა, მაგრამ ჩვენ საჩემპიონო სულისკვეთება ვაჩვენეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ“.
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ეროვნული ლიგის მე-2 ტურის შეხვედრას შაბათს, 4 მარტს კვლავ გორში გამართავს – ამჯერად „დინამო თბილისი“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „სამტრედიას“ მასპინძლის რანგში დაუპირისპირდება.