გიორგი ჭიაბრიშვილი - ბათუმის „დინამოს“ სჭირდება სხვაგვარი მიდგომა, ახალი სისხლი და ახალი მიზნები [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ჭიაბრიშვილმა ბათუმის „დინამოს“ ახალ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს.

გიორგი ჭიაბრიშვილი, ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი – „რთულია რამე კონკრეტულის თქმა, რატომ არის ბათუმის „დინამო“ ასეთ მდგომარეობაში. გუნდი ცოცხალი ორგანიზმია, არის აღმასვლისა და ჩავარდნის პერიოდი. „დინამოს“ სჭირდება სხვაგვარი მიდგომა, ახალი სისხლი და ახალი მიზნები.

თუ გადავხედავთ, მსგავსი პერიოდი გრანდებსაც ჰქონიათ. ბათუმის „დინამო“ კი საქართველოს რეალობაში ერთ-ერთი გრანდია, რომელმაც ძალიან დიდი გზა გაიარა. ორჯერ ჩემპიონი გახდა და ამის შემდეგ ამ სიმაღლის შენარჩუნება ძალიან რთულია“, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გიორგი ჭიაბრიშვილმა.

არჩილ ბერიძე, ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი – „სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება, მომავალში გამოჩნდება. გიორგიმაც აღნიშნა, რომ ყველაფერი თავიდანაა დასაწყები. რაც მოხდა, სამწუხაროდ, ამისგან არცერთი კლუბი არაა დაზღვეული და ეს შეცდომების კასკადი ბათუმის „დინამომაც“ გამოიარა. ჭიაბრიშვილი საქართველოში ერთ-ერთი გამოცდილი მწვრთნელია და ვთვლი, რომ მან წარმატებას უნდა მიაღწიოს. მთავარია, ტრიბუნაზე მაყურებელი დაბრუნდეს“.

გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტი ბათუმის „დინამოში“ 18 ოქტომბერს შედგება – ეროვნული ლიგის 29-ე ტურში მოქმედი ჩემპიონი ბათუმის საფეხბურთო ცენტრში „გაგრას“ უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.