გიორგი ჭიაბრიშვილი ბათუმის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ამ პოსტზე გიორგი ჭიაბრიშვილი ოფიციალურად დაინიშნა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ახალი დამრიგებლის წარდგენა დღეს „ბათუმი არენის“ საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ჭიაბრიშვილმა ამ პოსტზე უკრაინელი ანდრეი დემჩენკო შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა შედეგი ვერ აჩვენა და ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მეოთხე ადგილზეა.
გიორგი ჭიაბრიშვილი საქართველოს ორგზის საუკეთესო მწვრთნელია (2018, 2020). 45 წლის სპეციალისტი წვრთნიდა „ზესტაფონს“, „საბურთალოს“, თბილისის „ლოკომოტივს“, „დინამო თბილისს“, ასევე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს. მისი ხელმძღვანელობით „ზესტაფონი“ და „საბურთალო“ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.
გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტი ბათუმის „დინამოში“ დღეს შედგება – ეროვნული ლიგის 29-ე ტურში მოქმედი ჩემპიონი „გაგრას“ დაუპირისპირდება. მატჩი ბათუმის საფეხბურთო ცენტრში 20:00 საათზე დაიწყება.